მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო და ლუქსემბურგი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება განაახლეს

ლუქსემბურგი

საქართველოსა და ლუქსემბურგის მთავრობებს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ 2007 წელს გაფორმებულ შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. ახალი ოქმი, რომელსაც ხელი 2025 წლის 3 ივლისს, ლუქსემბურგში მოეწერა, ორი ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა – ლაშა ხუციშვილმა და ჟილ როთმა – ოფიციალურად გააფორმეს. დღეს აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ცვლილებები დეპუტატებს გააცნო.

განმარტებითი ბარათის თანახმად, შეთანხმების განახლების მთავარი მიზანია საერთაშორისო საგადასახადო გამჭვირვალობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ორ ქვეყანას შორის საგადასახადო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების მოდერნიზაცია, რაც დაფუძნებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის კონვენციაზე.

ინფორმაციის გაცვლის ახალი პრინციპები

დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნების საგადასახადო ორგანოები ერთმანეთს გადასახადებთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას გაუზიარებენ, მათ შორის საბანკო მონაცემებსაც. ცვლილება შეეხება შეთანხმების 27-ე მუხლს, რომელიც სრულად ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ახალი მუხლის თანახმად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა შესაძლო ზომა მეორე მხარის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის მოსაპოვებლად - მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მათ ეს ინფორმაცია საკუთარი საგადასახადო მიზნებისთვის.

დოკუმენტში მითითებულია, რომ ასეთი ინფორმაციის მიწოდება არ უნდა შეზღუდოს არც საბანკო საიდუმლოების რეგულაციამ და არც სხვა ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობამ. ერთადერთი გამონაკლისი შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს ან არღვევს კომერციულ საიდუმლოებებს.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ცვლილების მიზეზი გახდა საერთაშორისო სტანდარტების ჰარმონიზაცია და გადასახადების თავიდან არიდების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას იმ ქვეყნებთან, სადაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება საქართველოს საგადასახადო პოლიტიკას საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს და ქვეყანას საშუალებას მისცემს, უკეთ ითანამშრომლოს უცხოელ ინვესტორებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ფისკალური მდგრადობის ზრდას და გადასახადების თავიდან არიდების შემთხვევების შემცირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები