მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული - ფადი ასლი

ფადი ასლი

"საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროკავშირზე", - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლიმ გადაცემა “ანალიტიკაში” ICC-საქართველოს მიერ მომზადებულ ინდექსზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ქვეყნის საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულებას ასახავს.

მისი თქმით, ევროკავშირზე საქართველოს დამოკიდებულების მაჩვენებელი ძალიან სტაბილურია – მუდმივად 20%–ის ფარგლებშია 2023 წლიდან მოყოლებული. როგორც მან აღნიშნა, ამის მიზეზი, პირველ რიგში, ქართული დიასპორაა.

"მეორე რიგში, იმიტომ, რომ ის ჩვენი ბუნებრივი ბაზარია. ძალიან დიდი ბაზარია – 500 მილიონზე მეტი მომხმარებლით. ამ ბაზართან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც ბიუროკრატიას ამარტივებს. ევრო სტაბილურია. ქართველები მიჩვეულები არიან ევროპულ პროდუქტებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხარისხი ევროპასთან ასოცირდება“, - აღნიშნა მან და კითხვაზე - რეალისტურია თუ არა საქართველოს ეკონომიკაში ევროკავშირის კონტრიბუციის ჩინეთით ან ცენტრალური აზიით ჩანაცვლება - აღნიშნა, რომ არაა დარწმუნებული, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ისეთივე სტაბილური იქნება, როგორც ევროკავშირთანაა.

„[ჩინეთმა] შეიძლება ნებისმიერ დროს გააჩერონ ექსპორტი, რუსეთის თამაშის წესისგან დიდად არ განსხვავდებიან – ეს არ არის ქვეყანა, რომელიც გაწერილ წესებს მიჰყვება და იცავს. ვფიქრობ, ჩანაცვლების მცდელობა შეცდომა იქნება. ცუდი არ არის დივერსიფიცირება... მაგრამ იმის თქმა, რომ მოდი, აღარ გვინდა ევროკავშირი, დასავლური ბაზრები და ამის ნაცვლად, სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპასთან ვითანამშრომლოთ, აქ მივიღებთ კიდევ ერთ ჩრდილოეთ კორეას“, - აღნიშნა მან.

ამასთან, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის თქმით, ჩინეთზე დამოკიდებულებაც გაზრდილია, ძირითადად იმპორტის ხარჯზე.

„სხვა ფაქტორების მიხედვით – იქნება ეს ექსპორტი, ტრანსფერები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თუ ტურიზმი – არცერთი ამ მიმართულებით ზრდა არ გვაქვს. თუმცა, ჩინეთიდან იმპორტი გაზრდილია და ამის გამოა, გაზრდილი დამოკიდებულების მაჩვენებელიც – 1%–ით 2023 წელთან შედარებით“, - აღნიშნა მან.

სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნებზე საუბრისას კი გამოყო ყაზახეთი, რომლის შემთხვევაშიც ფადი ასლის თქმით, მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. მისი განმარტებით, აქ მთავარი მიზეზი ტურიზმია, ვინაიდან დღეს ყაზახეთიდან საკმაოდ ბევრი ტურისტი შემოდის.

საერთო ჯამში, ფადი ასლის თქმით, საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიცირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები