მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ელექტროენერგიას ოთხივე მეზობლიდან კერძო კომპანიების მეშვეობით ყიდულობს - ნოღაიდელი

603363dc7c70d
შოთა ტყეშელაშვილი
23.02.21 09:45
980
“საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ოთხივე მეზობელი ქვეყნიდან ხდება კერძო კომპანიების მიერ,” - გადაცემა “ფორბსის კვირის” ეთერში განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც დღეს კომპანია “ელ გრინის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. კომპანია აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტით არის დაკავებული.

მისი თქმით, მათი მისამართით უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული ბრალდებები უსამართლოა, რადგანაც სხვა ქვეყნებიდანაც ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში კერძო კომპანიები არიან ჩართული.

“მართალია, შარშან საქართველოს სომხეთიდან არ შემოუტანია ელექტროენერგია, მაგრამ როდესაც წინა წლებში ყიდულობდა აქაც ისევე როგორც თურქეთის, რუსეთის და აზერბაიჯანიდან კერძო კომპანიების ჩართულობით ხდებოდა ვაჭრობა. ფაქტია, რომ ამ საკითხებზე საუბრის დროს აქცენტი კეთდება მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან - აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტზე და ჩვენ შუამავლობაზე და სხვა ქვეყნებიდან იმპორტის საკითხს კი, საერთოდ არ ექცევა ყურადღება", - აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

მისივე განცხადებით, კომპანია გეგმავს გაასაჯაროოს ინფორმაცია ყოველთვიურად მათ მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობების და ტარიფების შესახებ. მისი განცხადებით, 2021 წლის იანვრის მაგალითიც აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის შემოთავაზებული ტარიფები ყველაზე კონკურენტუნარიანი იყო, სწორედ ამიტომაც 11 იანვრიდან მოყოლებული ქვეყანამ ელექტროენერგიის უფრო მეტი ნაწილი აზრებაიჯანიდან შეიძინა.

“ენგურჰესი 21 იანვარს გაჩერდა, რის გამოც 2021 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა შეადგინა 414.1 მლნ კვტ/სთ. ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა, რაც გასაგებია ენგურჰესის გაჩერებიდან გამომდინარე.
საქართველოში 262.3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან და, დაახლოებით, 151.8 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა. ფორმალურად ჩანს, რომ რუსეთიდან იმპორტი ბევრად მეტია, ვიდრე აზერბაიჯანიდან, მაგრამ ახლა დეტალურად გავიაროთ: რუსეთიდან იმპორტის დიდი ნაწილი 182.4 მლნ კვტ/სთ მოხმარდა აფხაზეთის მოხმარების დაბალნსებას. შესაბამისად, სახელმწიფოს ამაში თანხა არ გადაუხდია – ეს არის რუსეთის მიერ სუბსიდირებული ელექტროენერგია აფხაზებისთვის.

ხოლო 79.9 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი რუსეთიდან განახორციელა ესკომ (ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორმა საქართველოში). რუსეთის იმპორტის ფასები იანვარში, შაბათ–კვირას იყო 4.1 ცენტი, ღამე 10 საათის განმავლობაში 4.1 ცენტი, დღის და საღამოს, 14 საათის განმავლობაში – 7.8 ცენტი, მაგრამ იმის გამო, რომ იანვრის პირველი 10 დღე სულ დასვენების დღეები იყო, საქართველოსთვის კომერციულად უფრო მისაღები იყო რუსეთიდან იმპორტი.

ესკო ასეც მოიქცა და მიიღო კიდეც საშუალო ფასი 4.1 ცენტი და განახორციელა 69.9 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი რუსეთიდან 1–10 იანვარს.

რაც შეეხება აზერბაიჯანიდან იმპორტს, ელექტროენერგიის ნაწილი 47.2 მლნ კვტ/სთ – მთელი თვის განმავლობაში მიეწოდათ პირდაპირ მომხმარებლებს და 12.9 მლნ კვტ/სთ ტრანზიტით გავიდა თურქეთში.

104.3 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი განახორციელა ესკომ "ელ გრინთან" დადებული კონტრაქტით და ფასები იყო შაბათ–კვირას 3.9 ცენტი, ღამის საათებში 3.9 ცენტი და დღის და საღამოს, 14 საათის განმავლობაში– 5.4 ცენტი, შესაბამისად, ნათელია, რომ 11–იანვრიდან მოყოლებული ესკომ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა აზერბაიჯანიდან და არა რუსეთიდან”, – აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები