საქართველოში თურქეთის ელჩმა ალი ქაან ორბაიმ განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თურქეთის თხოვნას დახმარებაზე სწრაფად უპასუხა. ამის შესახებ მან თურქეთის საელჩოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქართველი მაშველები სამაშველო ოპერაციებში აქტიურად არიან ჩართულნი და ის ამაყობს, რომ იმ ქვეყანაშია ელჩი, სადაც თურქეთი ასე ძალიან უყვართ.
„ინტენსიური სამაშველო ოპერაციები გრძელდება. საქართველოდან თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამსახურის 108 თანამშრომელი გვყავს. ისინი ადიამანის პროვინციაში არიან განთავსებული და ასევე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. როგორც ვიცი, საქართველოს მაშველთა ჯგუფმა ორი ადამიანი გადაარჩინა, ნანგრევებიდან ამოიყვანა. ჩვენ სწორედ ასეთი სასწაულები გვჭირდება ახლა.
სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. გარდაცვლილთა რაოდენობა თითქმის 13 000-ს აღწევს, დაშავებულია 62 000 ადამიანი და განადგურებულია 6 000-ზე მეტი სახლი. მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ტერიტორია საკმაოდ დიდია და ჩვენი მონაცემებით სტიქიამ 13 მლნ ადამიანი დააზარალა. საერთაშორისო საზოგადოებისგან დიდი დახმარება მივიღეთ. საქართველო ერთ-ერთ პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დახმარებაზე ჩვენს თხოვნას სწრაფად უპასუხა. კომუნიკაცია გვაქვს საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან და ვიცი, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ჩვენი დახმარების პროცესს კოორდინაციას პირადად უწევდა“, - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.