"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზისადმი ერთგული რჩება, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით". მან ამის შესახებ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას მანამ, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება
„ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და წელს აღვნიშნავთ მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს — გარდამტეხ მომენტს, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი და კულტურული განვითარება.
საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას. რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში.ქრისტიანული კულტურული საფუძველი კვლავ რჩება ჩვენი საზოგადოების იდენტობის ცენტრალურ ნაწილად. ისტორიის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპას იმ სივრცედ აღიქვამდნენ, სადაც მათი ქრისტიანული იდენტობა იქნებოდა დაცული. შესაბამისად, საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით — ჩვენი მემკვიდრეობის, რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, რაც თავისთავად ურთულესი ამოცანაა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას მანამ, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




























