მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ყველაზე დაბალ დონეზეა - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირი

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ყველაზე დაბალ დონეზეა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს კახეთში, რეგიონული ვიზიტისას განუცხადა.

ელჩს მის მიმართ "ქართული ოცნების" კრიტიკულ შეფასებებზე ჰკითხეს, რაზეც მან აღნიშნა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს. ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მიმდინარე მდგომარეობაზე ისაუბრა.

"როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მე ვასრულებ ჩემს სამუშაოს, ჩემი როლია წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია. ვისურვებდი, შემძლებოდა ხელისუფლების შექება რეფორმებისთვის, შემძლებოდა საუბარი საქართველოში პოზიტიურ განვითარებაზე, მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობს, ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით. არაა უმაღლესი დონის ვიზიტები, შევაჩერეთ მთავრობის ფინანსური დახმარება, შემოვიღეთ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და ვამისამართებთ ჩვენს მხარდაჭერას მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერისკენ, რომელსაც მზარდად რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. როგორც ელჩი, რა თქმა უნდა ვისურვებდი, სხვა ადგილას ვყოფილიყავით, თუმცა სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, ამ დროისთვის სიტუაცია უკიდურესად რთულია. ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში გადაწყვიტა, გაეღო კარი საქართველოსთვის. მას უნდა განეხორციელებინა რეფორმები. როგორც ვხედავთ, ამ რეფორმების უმრავლესობა არ ხორციელდება, პირიქით, გადაიდგა ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით არსებული მიმდინარე მდგომარეობა", - თქვა ელჩმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვდა არაერთ ბენეფიციარს და მოინახულა ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტები.

"ვნახე გზები, სკოლები აშენებული ევროკავშირის ფულით, ვესაუბრე ადამიანებს, მცირე მეწარმეებს, მეღვინეებს, რომლებიც სარგებლობენ ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი ლაბორატორიით. ნამდვილად ამაყი ვარ ყველაფრით, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის",- აღნიშნა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები