გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში ბევრი რამ მათ შორის, ევროკავშირთა უვიზო მიმოსვლა რისკის ქვეშ არის. ამის შესახებ გერმანელმა დიპლომატმა ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის ვიდეოში ისაუბრა.
"ქართველებს აქვთ მოწვევა, ვფიქრობ, შესაძლებლობა რომ შეუერთდნენ მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის სივრცეს. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის გამო, ეს შეუძლებელია. ამიტომ ბევრი რამ რისკის ქვეშ არის. ერთ-ერთი ევროკავშირში ვიზის გარეშე მგზავრობის უფლებას ეხება. ჩვენ ეს არ გვინდა, გვსურს რომ ქართველები გვესტუმრონ მაშინ, როცა სურთ როგორც სასურველი სტუმრები და მეგობრები. თუმცა იცით, რომ ევროკავშირი მშვიდობის პროექტია, მაგრამ ასევე არის დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებების, დისკრიმინაციის აკრძალვის და კანონის უზენაესობის პროექტიც. ეს ყველაფერი მისი ძირითადი ელემენტებია. 2024 წლის დასაწყისიდან, ვფიქრობ, საქართველო ევროკავშირს შორდება. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ გვსურს თქვენი წევრობა. ჩვენ გვინდა, რომ გქონდეთ ვიზალიბერალიზაცია. გვინდა გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ ჩვენი მეგობრობა", - ამბობს ფიშერი.




























