მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი, გოჩა ჯავახიშვილმა კი, ამაში მონაწილეობის შანსი გაუშვა ხელიდან - ილია დარჩიაშვილი

დარჩიაშვილი

ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი, გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე წერს.

საქმე ის არის, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებს.

"მსურს, გამოვეხმაურო გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჩემ მიერ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა.

ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა, აგრეთვე თითოეულ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში გოჩა ჯავახიშვილი უმაღლესი პოზიციიდან - ელჩის რანგში - წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში და ყველაზე კარგად უნდა უწყოდეს, რა ძალისხმევა გავწიეთ ამ პერიოდში საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური ყოველთვის იდგა და დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. ჩვენი უწყების თანამშრომლებმა განუზომელი წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობაში და აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეს. ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი.

გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან", - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

"ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული ნერგისთვის" - საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები