საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ მომდევნო დღეებსა და კვირებში საქართველოში არსებული ვითარება განხილული იქნება ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულნი არიან.
“8 ოქტომბერს გაიმართება საპარლამენტო დებატები საქართველოზე. უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი მოწვეულია, რომ სიტყვით გამოვიდეს. ვფიქრობ, ამას ერთ-ერთი კომისარი გააკეთებს მისი სახელით. მომავალ კვირას, 14 ოქტომბერს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც ოფიციალურად არის შეტანილი საქართველო დღის წესრიგში. შემდეგ, 17 და 18 ოქტომბერს გვექნება ევროპული საბჭო, და როგორც ვიცი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ლიდერებს, ევროკავშირის 27 ქვეყნის პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს, განიხილონ საქართველოს საკითხი. ამასთან, ჩვენ ველოდებით გაფართოების ანგარიშს საქართველოზე, რომელიც გამოქვეყნდება ოქტომბრის მეორე ნახევარში, რაც სავარაუდოდ, იქნება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში.
ფაქტი, რომ საქართველოს საკითხი განიხილება ევროპარლამენტში, საქართველოში არსებული ვითარება განიხილება 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის და საქართველოში არსებული ვითარება განხილული იქნება ევროკავშირის ლიდერებს შორის, არ არის კარგი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულნი არიან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვღელავთ მოვლენების განვითარების გამო”,- განაცხადა ელჩმა.
ელჩს ჰკითხეს, რამდენად მოსალოდნელია, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე დადებითი შეფასება იქნება, რაზეც ჰერჩნსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე დადებითი გადაწყვეტილება ნაკლებად სავარაუდოა.
„სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. უნდა დაველოდოთ გაფართოების ანგარიშს. მაგრამ შემიძლია გავიმეორო, რაც უკვე ვთქვი, რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შეეჩერებინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ეთხოვათ განმარტება რეალური განზრახვებზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა. კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა პოზიტიური გადაწყვეტილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელიც ერთსულოვნად მიიღება, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, გულსატკენი იყო გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და იმედოვნებს, რომ ეს რეალობა არჩევნების შემდეგ შეიცვლება.
“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება აუცილებელი გახდა შემაშფოთებელი საკანონმდებლო ინიციატივების, საქართველოს ხელისუფლების ძალიან შემაშფოთებელი ინიციატივების, შემაშფოეთებელი ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდისტული ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გამო, რომლებიც არ შეჩერებულა. ეს იყო დრამატული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის დღევანდელი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების რეალობა, რომელიც, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შეიცვლება არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში“, – განაცხადა დიპლომატმა.