მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ არსებული ტრაექტორია გაგრძელდება, საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა ნაკლებად სავარაუდოა - EU-ის ელჩი

ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნას.

მისი თქმით, დიდი დრო დაიკარგა, ვინაიდან საჭირო რეფორმების ნაცვლად სამწუხარო მოვლენები ხდებოდა, რამაც საბოლოოდ საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ელოდება განმარტებებს "ქართული ოცნების" მხრიდან მათი რეალური განზრახვების შესახებ. პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველო ევროინტეგრაციის ტრაექტორიას დაუბრუნდება.

"თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკომისიის მხრიდან იქნება დადებითი რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ევროკავშირის 27 ლიდერის გადაწყვეტილებით, უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა შეჩერებულია. ველოდებით მმართველი უმრავლესობისგან განმარტებებს მათი ჭეშმარიტი განზრახვების შესახებ. ეს ხმამაღლა და ნათლად არის ნათქვამი ევროპული საბჭოს ივნისის დასკვნებში.

მე კარგად მესმის, რომ საქართველო გადის საარჩევნო პერიოდს, არის საარჩევნო კამპანია, არჩევნებმა გადაფარა ყველაფერი დანარჩენი, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი მთავრობა, იმისდა მიუხედავად, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, რომელიც ნამდვილად იქნება ერთგული საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართ. უნდა მოვასწროთ, დიდი დრო დავკარგეთ, პრაქტიკულად მთელი წელი. საჭირო რეფორმების ნაცვლად, გვქონდა სამწუხარო მოვლენები, არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება უმაღლეს დონეზე, რამაც სამწუხაროდ, გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, მაშინ, როდესაც ჩვენ დავაჩქარეთ გაწევრიანების პროცესი უკრაინასა და მოლდოვასთან. ასე რომ, „ტრიოს“ შორის დაშორება შემცირების ნაცვლად სულ უფრო იზრდება. ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ ხელახლა დავიწყებთ ძლიერად მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის ტრაექტორიას",- თქვა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები