მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-გერმანიის ეკონომიკური კავშირები

გერმანია საქართველო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს.

BM.GE გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირს რიცხვებში.

ვაჭრობა

2024 წლის პირველ ორ თვეში გერმანიასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 15.2%-ით შემცირდა. წელს ვაჭრობამ 128.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2023 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში კი, 151.4 მლნ აშშ დოლარი.

წელს, 128.3 მლნ-დან 119.4 მლნ იმპორტი იყო, ხოლო ექსპორტი მხოლოდ 8.9 მლნ აშშ დოლარი.

TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი 2024 წელს:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $31.1 მლნ;
  2. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $13.9 მლნ;
  3. სატვირთო ავტომობილები - $6.7 მლნ;
  4. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - $3.1 მლნ;
  5. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - $2.7 მლნ.

TOP-5 საექსპორტო პროდუქტი 2024 წელს:

  1. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - $1.3 მლნ;
  2. თხილი და სხვა კაკალი - $1.02 მლნ;
  3. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - $958.5 ათასი;
  4. პარკოსანი ბოსტნეულის წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი - $902.2 ათასი;
  5. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $720.9 ათასი.

რაც შეეხება გასულ წელს, 2023 წლის 12 თვეში საქართველოსა და გერმანიას შორის ბრუნვა 1.03 მლრდ დოლარი იყო, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 40.7%-ით აღემატება და ამასთან, ისტორიული მაქსიმუმია.

გასულ წელს ბრუნვის მთავარი სტიმულატორი მსუბუქი ავტომობილების იმპორტის ზრდა იყო.

FDI

ბოლო წლების განმავლობაში გერმანიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მცირდება. 2023 წელს, განხორციელებული ინვესტიცია 21.9 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 34.5%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. მთლიან FDI-ში გერმანიის წილი კი, 1.4%-ია.

გასულ წელზე მაღალი იყო ინვესტიციები პანდემიის პირობებშიც კი, 2021 წელს - 37.1 მლნ აშშ დოლარი, 2020 წელს 36.6 მლნ აშშ დოლარი. ყველაზე მეტი ინვესტიცია კი, გერმანიიდან 2018 წელს განხორციელდა, 41.1 მლნ აშშ დოლარი.

ტურიზმი

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით გერმანია TOP-15 ქვეყანას შორის მეცამეტეა. 2023 წელს, საქართველოში 68 824 გერმანიის მოქალაქე შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 41.8%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს 22.7%-ით ჩამოუვარდება.

ამ ეტაპზე, გერმანიის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება: თბილისიდან ბერლინი, მიუნხენი, დიუსელდორფი და შტუტგარტი, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან: ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, ფრანკფურტი და ჰამბურგი. ჯამურად, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით, ამ ეტაპზე, კვირაში 23 სიხშირით სრულდება ფრენები, ზაფხულის სეზონზე კი, მათი რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

ფულადი გზავნილები

ეროვნული ბანკის ფულადი გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადებით გერმანია მეხუთე ადგილზე იყო 228.6 მლნ აშშ დოლარით.

გასულ თვეში, გერმანიიდან საქართველოში 18.1 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.3% ზრდაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები