"საქართველო ღვინის ნამდვილი საგანძურია, რომელიც ჩინელ მომხმარებლებს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ" - ასე აფასებს კომპანიის Dragon Phoenix Wine Consulting წამყვანი ღვინის მაგისტრი, ფოგი ვოკერი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოს ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფით სტუმრობდა.
ჯგუფი ქვეყანას ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ღვინის ინდუსტრიაში ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის Dragon Phoenix Wine Consulting ორგანიზებით ესტუმრა.
სააგენტოს ინფორმაციით, ტურის ფარგლებში, ჯგუფის წევრები, რომლის შემადგენლობაში ღვინის პროფესიონალები და იმპორტიორები შედიოდნენ, ღვინის საწარმოებს ქართლში, იმერეთსა და კახეთში გაეცნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.
თბილისში სტუმრებისთვის სპეციალური დეგუსტაცია (Walkaround Tasting) გაიმართა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიის, თანამედროვე ინდუსტრიის, ქართული ვაზისა და ღვინის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
„ქართულ ღვინოს ჩინეთში მართლაც დიდი პოტენციალი აქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას განსაკუთრებული და უნიკალური გემოების მრავალფეროვანი არჩევანი ახასიათებს. როდესაც მე და ჩემი ჩინელი ჯგუფი საქართველოში ვმოგზაურობდით, ერთ-ერთი ღვინო, რომელიც განსაკუთრებულად დაგვამახსოვრდა, იყო ქინძმარაული, რადგან ეს არის არომატი, რომელიც, ჩვენი საერთო აზრით, ბევრ ჩინელ მომხმარებელს ძალიან მოეწონება. ვფიქრობ, ჩინეთში ქართული ღვინოს დიდი პერსპექტივა არსებობს, თუკი ხალხს ქართული ღვინის შესახებ გავაცნობთ, შევასწავლით მის ისტორიას და მრავალფეროვან გემოებს. “, - აღნიშნა კომპანიის Dragon Phoenix Wine Consulting წამყვანმა ღვინის მაგისტრმა, ფოგი ვოკერმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ფოგის ვოკერს და „Dragon Phoenix Wine Consulting“-ის კიდევ ერთ ღვინის მაგისტრს, ედუარდ რაგს (Edward Ragg) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შეხვდა. მხარეებმა ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს.
"ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში", - აღნიშნულია "ღვინის ეროვნული სააგენტოს" ინფორმაციაში.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო სამი წელიწადია ჩინეთში ღვინის ექსპორტი იკლებდა, თუმცა ღვინის ექსპორტში ჩინეთი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულშია. მაგალითისთვის 2024 წელს ჩინეთს ქართული ღვინის ექსპორტში 3.3%-იანი წილით მეხუთე ადგილი ეკავა. შარშან ჩინეთში ღვინის გაყიდვით 9.2 მლნ დოლარის შემოსავალი მივიღეთ.
წლების მიხედვით ჩინეთში ღვინის სტატისტიკა ასეთია:
2024 წელი - $9.2 მლნ;
2023 წელი - $11.6 მლნ;
2022 წელი - $12.4 მლნ;
2021 წელი - $16.3 მლნ;
2020 წელი - $13.2 მლნ;
ბოლო წლების კლების ტენდენცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს შეიცვალა და 6 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.7 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საქსტატი 2025 წლის პირველი ნახევრის ვაჭრობის მონაცემებს 21 ივლისს გამოაქვეყნებს.




























