ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენაში Fine Wine Hotel Exhibition ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია მონაწილეობდა. ფინანსურის და ორგანიზაციული მხარდამჭერი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.
სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა, ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა. ღონისძიებას 100-მდე სტუმარი, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 8 კომპანიის ღვინოები.
მიმდინარე კვირაში, ქალაქ ჩენგდუში, ქართული ღვინო ასევე წარმოდგენილი იქნება მასშტაბურ გამოფენაზე China Food & Drinks Fair და ქართული ღვინის სემინარზე: Fine WineCR.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მონაწილეობას იღებენ მასშტაბურ გამოფენებზე: ,Fine Wine Hotel Exhibition, The China Food & Drinks Fair, RAW Wine Shanghai, Shanghai International Wine Challenge (SIWC), Interwine China და სხვა“, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ პრესრელიზში.
ცნობისთვის, იანვარ-თებერვალში საქართველომ ღვინის ექსპორტით 32 მილიონ 134 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 9.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საზღვრებს გარეთ 10 511 807 ლიტრი ღვინო გაიყიდა.
ღვინის ექსპორტში ჩინეთი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, სადაც 2026 წლის 2 თვეში გადაზიდვები შემცირდა. იანვარ-თებერვალში ჩინეთში 1 მილიონ 133 ათასი დოლარის ღირებულების 418 555 ლიტრი ღვინო გაიყიდა. კლება 28%-ია.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩინეთში ქართული ღვინის გადაზიდვების დინამიკა ასეთია:
2025 წელი - $9.8 მლნ, 3 126 296 ლიტრი;
2024 წელი - $9.2 მლნ, 2 639 359 ლიტრი;
2023 წელი - $11.6 მლნ, 3 164 299 ლიტრი;
2022 წელი - $12.4 მლნ, 3 779 964 ლიტრი;
2021 წელი - $16.3 მლნ, 4 367 782 ლიტრი;
2020 წელი - $13.2 მლნ, 3 486 938 ლიტრი;
2019 წელი - $18.8 მლნ, 5 204 197 ლიტრი;
2018 წელი - $19.7 მლნ, 4 921 517 ლიტრი;
2017 წელი - $20.4 მლნ, 5 413 272 ლიტრი;
2016 წელი $14 მლნ, 3 723 856 ლიტრი.




























