მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღვინის ეროვნული სააგენტო დიდ ბრიტანეთში ღვინის პოპულარიზაციაზე 800 ათას ლარს დახარჯავს

ბელგია

ღვინის ეროვნული სააგენტო დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე 220 749 ფუნტს (804 056 ლარი) დახარჯავს.

სააგენტომ ტენდერის გარეშე, სარეკლამო-მარკეტინგული მომსახურების მისაღებად უკვე გაუფორმა ერთწლიანი ხელშეკრულება SWIRL WINE GROUP LTD-ის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანია ვალდებულია სააგენტოს სხვადასხვა ტიპის მომსახურება გაუწიოს, მათ შორის არის ღვინის გამოფენა CEE WINE FAIR-ში ქართული ღვინის მონაწილეობის უზრუნველყოფა. ასევე უნდა ჩაატაროს ქართული ღვინის დეგუსტაციები ადგილობრივი მედიისა და კომერციული სექტორის (ბაიერები, იმპორტიორები, HoReCa) წარმომადგენლებისთვის.

კომპანია ასევე ვალდებულია საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair 2026-ის ფარგლებში კომერციულ პირებთან (იმპორტიორები, ბაიარები, სომელიები) და მედიის წარმომადგენლებთან ქართული ღვინის სტენდზე არანაკლებ 8 შეხვედრა და 3 დეგუსტაცია/მასტერკლასი ჩაატაროს. ეს ღონისძიება 18-20 მაისს არის დაგეგმილი.

ამას გარდა, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ SWIRL WINE GROUP LTD-ის დაავალა ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების მოცულობისა და ღირებულების დასადგენად ბაზრის კვლევა ჩაატაროს. კვლევა განსაზღვრავს კონკურენტებს, გაყიდვის არხებსა და არსებულ გამოწვევებს ასევე, დაადგენს მომხმარებლის დამოკიდებულებას ქართული ღვინის მიმართ და სამომავლო გაყიდვების პროგნოზს გააკეთებს. SWIRL WINE GROUP LTD-ი ასევე ვალდებულია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები და ადგილობრივი იმპორტიორები ერთმანეთს დააკავშიროს. ბრიტანულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მიმდინარე წლის დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში დიდ ბრიტანეთში ღვინის ექსპორტი 125 ათას დოლარამდე შემცირდა, ეს 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 37%-იანი კლებაა. გასულ 2025 წელს ბრიტანეთში ჯამში 1.7 მლნ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო გაიყიდა, ანუ 7%-ით ნაკლები 2024 წელთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები