ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ საქართველოში არსებულ ვითარებას შეშფოთებით აკვირდება. როგორც ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, გმობს ძალადობას თბილისის ქუჩებში.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას იმ ნაბიჯებს ახსენებს, რომელთა გადადგმაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვისაა საჭირო.
ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ საქართველო გზაგასაყარზეა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს.
"დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში.
საქართველოს მოქალაქეები ავლენენ თავიანთ მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისადმი.
საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეს მკაფიო გზავნილი.
ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება უცხოური გავლენის შესახებ კანონთან დაკავშირებით.
ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის.
ამ მისწრაფებების აღიარებით, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და დასახა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.
მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ.
საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს",- აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
I am following the situation in Georgia with great concern and condemn the violence on the streets of Tbilisi.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 1, 2024
The Georgian people want a European future for their country.
Georgia is at a crossroads. It should stay the course on the road to Europe.