რა პრობლემას იწვევს დაუსრულებელი და მრავალჯერ გადავადებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორმა, პაატა ცაგარეიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო, ლოგისტიკის ინდექსით, საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის კომპონენტში, რეგიონში ბოლო, გლობალურად კი 108-ე ადგილს იკავებს, რაც ადასტურებს რომ ქვეყანაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესში პრობლემებია.
"რეალობა გვაქვს ასეთი: დღესდღეობით აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის სიგრძე არის 430 კმ, 302 კმ არის ექსპლუატაციაში გაშვებული, დანარჩენი არის მიმდინარე, დაუსრულებელ მდგომარეობაში. 2018 წლიდან დღემდე 8-ჯერ მოხდა მინისტრთა კაბინეტის წევრების მიერ [ამ პროექტის განხორციელების] ვადების დაანონსება და ბოლო, 2023 წლის დაპირებით, 3.5 საათში უნდა ჩავდიოდეთ ბათუმში, რვაჯერ იყო ეს დაპირება. ფაქტობრივად გამოდის, რომ წელიწადში 16 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი ბარდება ექსპლუატაციაში.
ალბათ ჩნდება შეკითხვა, ბევრია თუ ცოტა 16 კმ? რეგიონალურ ჭრილში, არსებობს ლოგისტიკის ინდექსი, სადაც ერთ-ერთი ქვეკომპონენტი გზების ინფრასტრუქტურის მდგომარეობაა. საქართველო 138 სახელმწიფოს შორის 108-ე ადგილზეა ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანა ჩვენზე წინ არიან; რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თვითონ სომხებიც, რომელთა ტრანზიტიც ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენზე წინ არის. ფაქტობრივად, ერთ სახელმწიფოს, მოლდოვას, რომელსაც 132-ე ადგილი უკავია, ვუსწრებთ. ტემპი, რომელიც შეთავაზებული აქვთ რეგიონის ქვეყნებს, ბევრად აღემატება იმას, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესში", - ამბობს ცაგარეიშვილი.
ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა პროექტების მართვაშია. როგორც ის აღნიშნავს, საგზაო ინფრასტრუქტურული მშენებლობის შეფერხება სხვა, საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებას უშლის ხელს.
"პრობლემას მენეჯმენტის საკითხებს ვუკავშირებ. ალბათ, იმ გუნდს, რომელიც ამ პერიოდში იყო, არ აქვს გამოცდილება ასეთი, ფინანსურად ტევადი პროექტების მართვის. 2016 წელს ხულო-ზარზმის თითქმის დასრულებული პროექტი, დღემდე არ არის ექსპლუატაციაში გაშვებული. მშენებლობა დაწყებულია, გვპირდებიან, რომ ყოველ წელს დასრულდება. საქმე ისაა, რომ ამ გზის დაუსრულებლობა პარალელურად იწვევს გაზის მილსადენის გაყვანის შეჩერებას. საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გვაქვს პრობლემები", - ამბობს “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი.
ცაგარეიშვილმა იმ ხუთ პრობლემაზე ისაუბრა, რომლებსაც, “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” კვლევით, დაუსრულებელი და გადავადებული საგზაო პროექტები იწვევს. ესენია:
- ქვეყნის მდგრადი განვითარების სინქრონიზაციის დარღვევას;
- დონორი ორგანიზაციების მხრიდან შემდგომი პროექტების დაფინანსების სტრატეგიის ცვლილებას;
- ქვეყნის სამრეწველო სიმძლავრეების განვითარების შეფერხება;
- სამშენებლო ღირებულების ზრდა;
- ეკონომიკური ზრდის ტემპის 1.0 – 1.5%-ით შენელება.




























