მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო-ინდოეთის სავაჭრო ბრუნვაში დიდი წილი იმპორტზე მოდის - რას ვყიდულობთ?

60ed7eb08dec8
ვიქტორია მღებრიშვილი
14.07.21 00:12
1420
„ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, რაც კიდევ უფრო ვითარდება“ , - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიან ჯაიშანკართან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

BM.GE დაინტერესდა, როგორია საქართველო-ინდოეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები და რა პროდუქტებით ვვაჭრობთ ამ ქვეყანასთან. როგორც ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, ინდოეთთან სავაჭრო ურთიერთობები, ძირითადად, იმპორტის ხარჯზე გვაქვს, ხოლო ექსპორტს ბრუნვაში მცირე წილი უკავია.

2020 წელს საქართველო-ინდოეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის მაჩვენებელზე შენარჩუნდა და 48.4 მლნ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს, საქართველომ ინდოეთში ექსპორტით მხოლოდ 2.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს რიცხვი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 28.5%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს ინდოეთიდან საქონლის იმპორტი გაიზარდა და 45.7 მლნ დოლარი შეადგინა.

გასულ წელს ინდოეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შევიძინეთ. იმპორტირებული პროდუქტის TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:

1. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 10.6 მლნ დოლარი;
2. ცხოველების და ადამიანების სისხლი სამედიცინო მიზნებისთვის და იმუნური შრატები - 2.9 მლნ დოლარი;
3. დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები - 2.7 მლნ დოლარი;
4. ბრინჯი - 2.5 მლნ დოლარი;
5. ქაღალდი და მუყაო არაცარცირებული საწერად, საბეჭდად გამოსაყენებელი - 1.4 მლნ დოლარი;
6. არაქისი - 1.4 მლნ დოლარი;
7. ამოთხრის ან გაბურღვისთვის მანქანები და მექანიზმები - 1.2 მლნ დოლარი;
8. ბულდოზერები, ავტოგრეიდები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები - 1.2 მლნ დოლარი;
9. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1.1 მლნ დოლარი;
10. მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 1.1 მლნ დოლარი.

რაც შეეხება იმას, რას ვყიდით ინდოეთში, უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტის TOP-10-ეული ასეთია:

1. სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 478.6 ათასი დოლარი;
2. დაუმუშავებელი მატყლი - 378.5 ათასი დოლარი;
3. დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები - 259.1 ათასი დოლარი;
4. ალუმინის ნარჩენები და ჯართი - 251.1 ათასი დოლარი;
5. თუთიის ნარჩენები და ჯართი - 239.1 ათასი დოლარი;
6. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცველებისგან - 214.6 ათასი დოლარი;
7. საქსოვი დაზგები - 211.5 ათასი დოლარი;
8. სპირტიანი სასმელები, ეთილის სპირტი - 160.3 ათასი დოლარი;
9. ფოლადის წნელები - 141.6 ათასი დოლარი;
10. დაუმუშავებელი ტყვია - 87.8 ათასი დოლარი.

2021 წლის 5 თვეში კი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 23.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 24.5%-ით აღემატება. აქედან ექსპორტი მხოლოდ 1.2 მლნ დოლარია, ხოლო იმპორტი 22 მლნ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები