მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო კეიპტაუნის კონვენციას უერთდება, რა შეიცვლება ავიაკომპანიებისთვის?

თვითმფრინავი

საქართველო კეიპტაუნის კონვენციასთან შეერთებას გეგმავს. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში BMG-ის უთხრეს, ამ ეტაპზე კონვენციასთან შეერთების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები სრულდება.

კეიპტაუნის კონვენციის მიზანია ფინანსური რისკების შემცირება თვითმფრინავებისა და სხვა საავიაციო მოწყობილობების შესყიდვის, იჯარის ან ლიზინგის შემთხვევაში, ასევე ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც იცავს კრედიტორების (მაგ., ბანკების, ლიზინგის კომპანიების) უფლებებს მაშინაც კი, როცა მოწყობილობა სხვა ქვეყანაში იმყოფება.

სააგენტოში ამბობენ, რომ კონვენციაზე შეერთებით, საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისთვის გამარტივდება ტრანსნაციონალური ლიზინგი და ფინანსური ოპერაციები, რაც გააუმჯობესებს ჩართული მხარეების უფლებრივ მდგომარეობას, გაზრდის და გაამარტივებს ავიაკომპანიების ხელმისაწვდომობას საჰაერო ხომალდებზე, ასევე საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებულ გარიგებები უზრუნველყოფილი იქნება ნაკლები რისკითა და უკეთესი პირობებით. კონვენციაზე შეერთებით, გაუმჯობესდება ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ავიაციის სექტორში. საქართველო წარმოჩნდება როგორც საიმედო პარტნიორი საერთაშორისო ავიაბიზნესისთვის, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას საავიაციო სექტორში.

კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმები მესაკუთრეს/მეიჯარეს/კრედიტორს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს აბსოლუტური გარანტიები თავის ქონებაზე, ჰქონდეს სათანადო და დროული კონტროლი საჰაერო ხომალდზე, შეამციროს დანაკარგები, თუ მსესხებელი ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს, ამარტივებს კრედიტორის მიერ საავიაციო ობიექტების გადაცემას ავიაკომპანიებისთვის და ამცირებს რისკებს საავიაციო ობიექტების ლიზინგით გადაცემის დროს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ კონვენციის რეჟიმი შეეხება ბაზარზე არსებულ, საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს (სატვირთოს და სამგზავროს), რომლებსაც გაფორმებული აქვთ ან მომავალში გააფორმებენ საერთაშორისო გარიგებებს კონვენციით გათვალისწინებულ ობიექტებთან დაკავშირებით სხვა ქვეყანაში რეგისტრირებულ სალიზინგო კომპანიებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები