მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო მსოფლიო ლოგისტიკურ ჯაჭვში - „თბილისის ლოგისტიკური ცენტრის“ მიზნები და გეგმები

6246ef63c1330
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.22 09:27
2854
რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოში ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვში გარკვეული კორექტივების შეტანის შესაძლებლობა გააჩინა. ამ პერიოდში ევროპიდან აზიისკენ და პირიქით ტვირთების გადაზიდვის პროცესში ჩართული სუბიექტები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება. ამას ადასტურებს Galt & Taggart-ის შეფასებაც, რომ საერთაშორისო ტვირთბრუნვის საქართველოში გადმომისამართება საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ლოგისტიკურ მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზრდება.

საერთაშორისო ტვირთების მიღების, გადამუშავებისა და გაგზავნისთვის საჭირო მომსახურების პირობების შექმნა როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის პრეროგატივაა. შესაბამისად, ორივე მხარე ლოგისტიკაში ცვლილებებისა და განვითარებისთვის მზად უნდა იყოს. დარგის ერთ-ერთი წარმომადგენელი კომპანია „თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“ ამ პროცესში თავის როლსა და ფუნქციას, ჯერ კიდევ ომამდე ცხადად ხედავდა და სწორედ ამიტომ მისმა დამფუძნებლებმა 2020 წლის ივლისში კომპანიის დაარსებისას, მთავარ მიზნად თბილისში ლოგისტიკური ჰაბის შექმნა დაისახეს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი არჩილ წერეთელი აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში ბაზარზე შემოსული კომპანია, გამოწვევებისა და კონკურენციის მიუხედავად, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათ მომხმარებლისა და პოტენციური პარტნიორებისთვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზება სცადეს. დღეს, კომპანია მომხმარებელს დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან - საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო და სახმელეთო გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვას სთავაზობს.

„კომპანიის დამფუძნებლები საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში დიდი ხანია რაც ვართ და კარგად გვესმის, რომ მხოლოდ ტვირთების ტრანსპორტირება ბიზნესის მამოძრავებელი ვერ იქნებოდა. შესაბამისად „თბილისის ლოგისტიკური ცენტრის“ უპირველესი მიზანი ტვირთების საწყისი წერტილიდან ჩამოტანა, დასაწყობება და მომხმარებლამდე მიტანაა, რაც ლოგისტიკური ჯაჭვის გამართვას ნიშნავს.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში გადაზიდვების სფეროში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, ამიტომ ოპერირების დაწყებისას მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩვენი პოტენციური პარტნიორებისთვის ხელსაყრელი პირობები შეგვეთავაზებინა. 2021 წელს, მას შემდეგ, რაც საზღვაო გადაზიდვები რადიკალურად გაძვირდა, ჩვენ ალტერნატიული გზების ძიება დავიწყეთ და ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, ვინც საქართველოდან ირანის გავლით, ჩინეთის მიმართულებით - ე.წ. სამხრეთ დერეფნის გამოყენება დავიწყეთ. ამ გზით ტვირთების გადაზიდვა, საზღვაო გადაზიდვასთან შედარებით დაახლოებით 30%-ით უფრო იაფი იყო. ამ პროცესში გვერდში სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ დაგვიდგა. ის ირანის გავლით ტვირთების დაზღვევაზე დაგვთანხმდა, რამაც ჩვენს მომხმარებელსა და პარტნიორებში ჩვენდამი ნდობა გაზარდა“, - განმარტავს არჩილ წერეთელი.

შედეგად, გასული 2021 წლის განმავლობაში „თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ტვირთების გადაზიდვაში 200 კომპანიას მოემსახურა, რომელთა ნაწილი მათი ექსკლუზიური პარტნიორია. ჯამურად გასულ წელს გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 4 000 ერთეული შეადგინა.

„ამ პერიოდში ვთვლით, რომ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის საკითხში სერიოზულ წარმატებას მივაღწიეთ. 2021 წლის დასახული გეგმები სრულად და გადამეტებითაც შევასრულეთ. ძირითადი გადაზიდვები მაინც საკონტეინეროზე მოდის, რაშიც ჩვენ ერთ-ერთ წამყვან როლს ვთამაშობთ“, - აღნიშნა „თბილისის ლოგისტიკური ცენტრის“ დირექტორმა.

კომპანიაში თვლიან, რომ დღეს რეგიონში არსებული მდგომარეობა საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას ერთი-ორად ზრდის. აღმასრულებელი დირექტორი სოსო კვიტაიშვილი მსოფლიო ლოგისტიკური ჯაჭვების ცვლილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანამ მისდამი არსებულ ინტერესზე პასუხის გაცემა უნდა შეძლოს.

„ომის პირობებში, ტრანსციმბირული დერეფანი ბევრი კომპანიისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო ხელმისაწვდომი აღარ არის. მაგალითისთვის რითეილერებისთვის ირანის გავლით არსებული სამხრეთ დერეფნის გზით მიღებული ტვირთები უფრო ხელმისაწვდომია, რადგან საზღვაო გადაზიდვებთან შედარებით, უფრო იაფი ჯდება და საცალო გაყიდვების ფასზე ეს მნიშვნელოვნად აისახება. დღეს, საქართველოში მოქმედი იმპორტიორების 90% სწორედ სამხრეთ დერეფანზე გადაეწყო.

აზიიდან ძირითადად 2 სატრანზიტო დერეფანი მოქმედებს - ტრანსციმბირული და ტრანსკასპიური. ამ ვითარებაში საქართველოზე გამავალი სარკინიგზო დერეფანი ევროპა-აზიას შორის ტვირთბრუნვის გაგრძელების საშუალებას იძლევა. გარდა იმისა, რომ ამით საქართველო დამატებით ეკონომიკურ სარგებელს იღებს, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საჭირო ლოგისტიკური სერვისები განვითარდეს, რადგან მიზანი მხოლოდ გამტარუნარიანობის გაზრდა კი არ იყოს, არამედ პროდუქციის მიღება, გადამუშავება და გაგზავნა. დღეს მსოფლიო ბაზარი ახალ ალტერნატივებს ეძებს და სხვადასხვა მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი, როგორც ლოგისტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლის განხილვასთან დაკავშირებით დიდია. ამ პერიოდში საქართველოს გავლით ყაზახეთიდან ევროპაში და პირიქით ტვირთების გადაზიდვა გააქტიურდა. აქედან გამომდინარე, „თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“ მხოლოდ გადაზიდვებზე არ ორიენტირდება და ქვეყანაში შესაბამისი მაღალი სტანდარტების ლოგისტიკური მომსახურების უზრუნველყოფა გვინდა“, - განმარტა სოსო კვიტაიშვილმა.

ამ მიზნების განხორციელებისთვის კი კომპანია ჯერ კიდევ დაფუძნებისას დასახული გეგმის - ლოგისტიკური ჰაბის შექმნის იდეას მიჰყვება და 2022 წელს გეგმის განხორციელებას თბილისში საწყობის მოწყობისთვის 10 მლნ ლარის ინვესტირებით გეგმავს.

„გვინდა ავაშენოთ დიდი სასაწყობე მეურნეობა, რომელიც A და B კლასის იქნება, სადაც გადაზიდულ ტვირთებს მომსახურებას გავუწევთ. ეს პროცესი დროში ცოტა გაიწელა, თუმცა ჩვენი მიზნებისთვის არ გვიღალატია.

დღეს გვაქვს გარკვეული ვერსიები მიწის ფართებთან დაკავშირებით და მიმდინარე წელს ჯერჯერობით, ლოგისტიკური ცენტრის მოწყობას 20 000 კვ.მ.-ზე განთავსებული საწყობის აშენებით დავიწყებთ. იმისთვის, რომ კომპანიის მიზნები ჩვენს შესაძლებლობებთან თანხვედრაში მოვიყვანოთ, ჩვენი ინვესტიცია საწყის ეტაპზე, მხოლოდ თბილისში საწყობის მოსაწყობად დაახლოებით 10 მლნ ლარი იქნება. ეს იქნება სრულად ავტომატიზებული ლოგისტიკური ცენტრი. იმედი გვაქვს, სახელმწიფო ჩვენი გეგმების განხორციელებაში გვერდში დაგვიდგება. ადგილი უკვე მოძიებული გვაქვს და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე განვახორციელებთ.

თუმცა საწყობი, პროექტის მხოლოდ საწყისი ეტაპია, კომპანია ლოგისტიკური მომსახურების გაწევისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის სრული ჯაჭვის - დასაწყობება, გადამუშავება, გაგზავნა გამართვას როგორც თბილისში ,ასევე ფოთში გეგმავს. რადგან ფოთის საპორტო ქალაქია, ამ ზონაში ლოგისტიკური ცენტრის გამართვა, როგორც კომპანიის, ასევე ქვეყნებისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა არჩილ წერეთელმა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 10-კაციანი გუნდით შექმნილი კომპანია „თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“ დღეისთვის 30 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ლოგისტიკური ცენტრების აშენების შემდეგ თითოეულ მათგანში, დაახლოებით, 100-150 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები