„საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია. როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ევროკავშირთან და ყველა შესაბამის პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიაში დასახული ამბიციური მიზნების შესაბამისად“ - ამის შესახებ "ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. ღონისძიება ტაშკენტში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ევროკავშირის თანაორგანიზებით გაიმართა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი არა მხოლოდ ლოგისტიკური მარშრუტია, არამედ ევროპისა და აზიის ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საფუძველი.
„საქართველო თავის გეოგრაფიას ეკონომიკურ უპირატესობად აქცევს, აძლიერებს სუვერენიტეტს დაკავშირებადობის ზრდით და პოზიციონირებს, როგორც მნიშვნელოვანი, სანდო დამაკავშირებელი ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის“,- განაცხადა მინისტრმა.
ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტერიალის მიზანია ევროკავშირის “Global Gateway“-ის ინიციატივის ფარგლებში დერეფნის გასწვრივ გააძლიეროს ევროკავშირის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების ხელშესაწყობად. ღონისძიების ფარგლებში, საქართველო წარადგენს თავის ხედვასა და გეგმებს, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას ხელი შეუწყოს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და ჩვენს რეგიონსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებას.
ქვრივიშვილის შეფასებით, მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული ნაბიჯი იყო საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, რის შედეგადაც გაორმაგდა რკინიგზის გამტარუნარიანობა და განახევრდა საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებული ტრანზიტის დრო.
მინისტრის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი საბოლოო ფაზაში შედის და მისი დასრულება 2025 წელს არის დაგეგმილი. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტს, რომლის 70 პროცენტზე მეტი უკვე ფუნქციონირებს, ხოლო მისი სრული დატვირთვით ოპერირების შემდეგ მგზავრობის დრო შემცირდება ორი საათით, ასევე შემცირდება ტრანსპორტირების ხარჯები და გაუმჯობესდება უსაფრთხოება, რაც საქართველოს ტრანსკონტინენტური ქსელის კიდევ უფრო კონკურენტუნარიან სეგმენტად აქცევს.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ერთობლივი საწარმოს შექმნა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის სარკინიგზო კომპანიების მიერ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია კოორდინირებული სერვისების, კონკურენტუნარიანი ტარიფებისა და პროგნოზირებადი სატრანზიტო გრაფიკის შეთავაზების კუთხით, რაც აძლიერებს შუა დერეფნის საიმედოობას გლობალური გადამზიდავებისთვის“,- აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, სატრანსპორტო მოცულობის გაზრდას და ლოგისტიკური პროცესების უწყვეტობას.
მინისტრის შეფასებით, ევროკავშირის გლობალური კარიბჭის ინიციატივა რეგიონს სთავაზობს ძლიერ ჩარჩოს მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული კავშირის შესაქმნელად. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებისადმი ერთიან მიდგომას და ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ხედვასა და გრძელვადიან ეკონომიკურ ღირებულებაზე დაფუძნებულ პარტნიორობას.
„ნავსადგურების, გზებისა და რკინიგზის მოდერნიზაციით, საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციითა და სატრანსპორტო პროცესების გაციფრულებით ვამყარებთ საქართველოს პოზიციას, რომ ქვეყანამ სრულყოფილად უზრუნველყოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ტაშკენტში იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.




























