მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო მზადაა, შუა დერეფნით სატრანსპორტო ნაკადების ზრდისთვის გააგრძელოს თანამშრომლობა - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს სახელით ადასტურებს მზადყოფნას, შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა. მისი ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლამ, რომელიც ქართული ექსპორტის თითქმის 95%-ს მოიცავს, თამაშის წესები შეცვალა და ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

„მხოლოდ 2025 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც შთამბეჭდავი - 15 %-იანი ზრდაა. ვაჭრობის ამგვარი მატება ასახავს ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სიძლიერეს და მომავალ წლებში გაფართოების კიდევ უფრო დიდ პოტენციალზე მიუთითებს. ჩინეთის მიერ მისივე უზარმაზარი ბაზრის გახსნისკენ მიმართული უწყვეტი ძალისხმევა, ძირითად სექტორებზე წვდომის გაფართოებასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უქმნის ქართულ ბიზნესს, რაც მათ საშუალებას აძლევს, გლობალურ ბაზრებზე გავიდნენ და ინოვაციები აითვისონ.

ჩინეთსა და საქართველოს შორის შუა დერეფნის გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 71%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2024 წელს გადაზიდული ტვირთების მოცულობა წინა წელთან შედარებით 15-ჯერ მეტი იყო. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები