მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი გახდა - ადგილობრივი ექსპორტი $80 მილიონს აღწევს

ტანკერი

2025 წელს საქართველომ ნავთობის ადგილობრივი ექსპორტი (ქვეყანაში გადამუშავებული პროდუქციის) მკვეთრად გაზარდა - საქსტატის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ექსპორტირებულია 79.5 მილიონი დოლარის ღირებულების 151.7 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები.

შედარებისთვის, 2024 წელს ნავთობრპოდუქტების ადგილობრივი ექსპორტი $20 მილიონს, 2023 წელს კი $12 მილიონს შეადგენდა. ამასთან საქართველოს არცერთი წლის განმავლობაში ნავთობპროდუქტების უფრო მსხვილი ექსპორტი არ ჰქონია.

საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 2025 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გააქტიურდა. კერძოდ, იქამდე ყოველთვიური ექსპორტი 1.5-2 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, ნოემბერში კი ის ჯერ 30.1 მილიონ დოლარამდე (60.2 ათასი ტონა) გაიზარდა, დეკემბერში კი 31.9 მილიონი დოლარი (62 ათასი ტონა) გახდა. ექსპორტი ძირითადად მალტას, UAE-სა და გიბრალტარის მიმართულებით განხორციელდა.

ეს ემთხვევა ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის "ბლექ სი პეტროლიუმის" მიერ ნედლი ნავთობის დაწყებას. 2025 წლის ოქტომბრიდან საქართველომ მკვეთრად გაზარდა ნედლი ნავთობის შესყიდვა, რა კატეგორიის საქონელსაც ქვეყანა ამ მოცულობით არასდროს ყიდულობდა. 2025 წელს ნედლი ნავთობის იმპორტი 97.7 მილიონ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 96 მილიონი დოლარის 225.3 ათასი ტონა ნედლი ნავთობი საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან შეიძინა. იმპორტი მკვეთრად ოქტომბრის თვიდან გააქტიურდა. კერძოდ ოქტომბერში რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტი 47.6 მილიონი დოლარი (100.9 ათასი ტონა) იყო, ნოემბერში 13.5 მილიონი დოლარი (34.3 ათასი ტონა), დეკემბერში კი რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი 35.5 მილიონ დოლარს (91.7 ათას ტონას) შეადგენდა. ამასთან, გასული წლის ოქტომბერში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ახალმა ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ოპერირება სწორედ რუსული ნედლი ნავთობის იმპორტით დაიწყო.

BMG-იმ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის - "ბლექ სი პეტროლიუმის" მენეჯმენტს მიმართა კითხვით საწარმოს ოპერირების დაწყების და გამოშვებული პროდუქციის შესახებ, თუმცა კომპანიაში განმარტავენ რომ ჯერჯერობით მედიასთან კომუნიკაციისგან თავს იკავებენ.

BMG-იმ ასევე მიმართა საქსტატს კითხვით თუ რომელი კომპანიები იყვნენ 2025 წელს საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტით და ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტით დაკავებული (ტოპ 5).

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის შესახებ:

ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის პროექტი ქვეყანაში მშენებარე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ახალი ინდუსტრიული ობიექტია. პროექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და მისი პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი $600 მილიონ დოლარს შეადგენს.

ქარხნის დაფინანსება თავდაპირველად $50 მილიონი დოლარის სინდიცირებული კრედიტით დაიწყო, რომელშიც კომერციული ბანკები - "ქართუ ბანკი", "ხალიკ ბანკი" და "ბაზისბანკი" 45 მილიონი დოლარით, "საქართველოს განვითარების ფონდი" კი $8.2 მილიონი დოლარით მონაწილეობდნენ. ამასთან კომპანია $10 მილიონის მოცულობის ობლიგაციის გამოშვებასაც გეგმავს.

“ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მასში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, 30%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის.

ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.

2025 წლის სექტემბრის ბოლოს ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები