მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო ორჯერ უფრო საინტერესოა საინვესტიციო კუთხით, ვიდრე თუნდაც დუბაი" - Metropol

თბილისი

საქართველო ორჯერ უფრო საინტერესოა საინვესტიციო კუთხით, ვიდრე თუნდაც დუბაი, - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია "მეტროპოლის" გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში “საქმიანი დილა” განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული მიმართულებაა, რასაც მაღალი საინვესტიციო ამონაგები განაპირობებს. როგორც იმედაშვილმა განმარტა, საქართველოში ROI (ინვესტიციის ამონაგები) საშუალოდ 10%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც დუბაის ბაზარს მნიშვნელოვნად აღემატება.

„დუბაის შემთხვევაში, დღეის მდგომარეობით ROI არის დაახლოებით 5-6%, როდესაც საქართველოში საშუალოდ არის 10%. “მეტროპოლიც” არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში და ჩვენთანაც ამონაგები ინვესტიციაზე არის 10%. რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 8%, შეიძლება იყოს 12%, თუმცა რომ გავასაშუალოოთ დაახლოებით 10%-ია“, - განაცხადა იმედაშვილმა.

მისი შეფასებით, სწორედ ეს სხვაობა ქმნის საქართველოს უპირატესობას საერთაშორისო საინვესტიციო ბაზარზე : „მიუხედავად იმისა, რომ დუბაიში ძალიან მაღალი მოთხოვნაა, ფინანსურად თუ შევხედავთ, საქართველო საინვესტიციო კუთხით ორჯერ უფრო საინტერესოა, ვიდრე თუნდაც დუბაი“.

მამუკა იმედაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაციის საერთაშორისო ინვესტორებამდე მიტანა მომავალში ქვეყნის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის: „დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინფორმაციის მაქსიმალურად მიტანა საერთაშორისო მომხმარებლებისთვის მალე მოხდება და ინტერესი საქართველოსკენ კიდევ უფრო გაიზრდება“, - თქვა იმედაშვილმა და საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მაღალი საინვესტიციო ამონაგები მხოლოდ ცალკეული კომპანიის კი არა, არამედ მთელი სექტორის საერთო მახასიათებელია.

მამუკა იმედაშვილმა ასევე ისაუბრა კომპანიის სამომავლო გეგმებზე და განაცხადა, რომ “მეტროპოლი” 2026 წელს თბილისში მინიმუმ სამი ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს, მათ შორის ისტორიულ და ცენტრალურ უბნებში. ვაკეში დაგეგმილია ორი ახალი პროექტი აბაშიძის ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე, ხოლო ვერაზე, ბელინსკის ქუჩაზე: “ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვმუშაობთ არქიტექტორებთან და ვათანხმებთ პროექტის კონცეფციას როგორც ქართველ, ისე უცხოელ სპეციალისტებთან. ვვარაუდობთ, რომ II კვარტალის ბოლოსთვის უკვე პროექტების კონკრეტულად დაანონსებას შევძლებთ”, - თქვა მან.

მისივე თქმით, უკვე შეძენილი აქტივები გარანტირებულ პროექტებს ქმნის, თუმცა კომპანია დამატებითი მიწების შეძენასაც არ გამორიცხავს. „გარანტირებულად, რაც ჩვენი აქტივია, ანუ შეძენილია უკვე და მიმდინარეობს პროექტის შეთანხმება, ეს მინიმუმ რაც გარანტირებულია“, - აღნიშნა მან და დაამატა, რომ შესაძლოა წლის განმავლობაში ახალი პროექტების რაოდენობა სამს კი არა, ოთხსაც მიაღწიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები