საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa მონაწილეობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე კერძო სექტორის 10-მდე კომპანია.
"გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს საფრანგეთის წამყვან ტუროპერატორებთან და მედიის წარმომადგენლებთან, შეხვედრების მთავარი მიზანია ფრანგულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდა.
გამოფენაზე საქართველო სტენდს გაეცნო და შეხვედრებს დაესწრო საფრანგეთში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი.
საქართველოს სტენდზე გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის: სამთო, საზღვაო, გამაჯანსაღებელ კურორტებს, სათავგადასავლო ტურიზმს, კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე ღვინისა და კულინარიულ ტურიზმს.
IFTM Top Resa მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ღონისძიებაა. გამოფენაში 100-ზე მეტი ქვეყნის 1 400-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, სტუმრების რაოდენობა კი 30 ათასს აღემატება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საფრანგეთიდან ტურიზმის სტატისტიკა
აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს კლების შემდეგ, 2024 წელს პირველად აღდგა საფრანგეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა და 28 302 შეადგინა.
მიმდინარე წლის 6 თვეში კი მაჩვენებელი 12 885 ვიზიტია, რაც წლიურად 8%-იანი ზრდაა. საფრანგეთი ამ მონაცემებით TOP ქვეყნების სტატისტიკაში ვერ ხვდება.
საფრანგეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები





























