მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო რეპუტაციულად არანაირად არ დაზარალდება - დავითაშვილი ოფშორების კანონზე

ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი საგადასახადო შეღავათი, რომელიც ოფშორული კომპანიებისთვის აქტივების გადმოტანის შემთხვევაში დაბეგვრას ხსნის, საქართველოს რეპუტაციას არ დააზიანებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, პირიქით, ეს კანონი საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ოფშორული ზონების შესახებ საგადასახადო შეღავათი, რომლის მიხედვითაც თუკი ოფშორული კომპანიები საქართველოში 2028 წლის 1 იანვრამდე გადმოიტანენ აქტივებს გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. ასევე მათთვის 2030 წლამდე იმოქმედებს აქტივების მიღებისას იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონი გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიებისთვის გაუმართლებელი მოცულობის შეღავათებს აწესებს. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიცია მიუთითებს არის ის გარემოება, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ ამ კანონის მორგება მათ შორის ბიძინა ივანიშვილის საჭიროებებზეც მოხდა, რადგანაც ის საქართველოში ოპერაციებს სწორედ ოფშორული კომპანიების მეშვეობით აწარმოებს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანონის მიღება იყო საჭირო, რათა საქართველოს გაეზარდა მისი საინვესტიციო კლიმატის კონკურენტუნარიანობა.

"კანონი საშუალებას იძლევა რომ მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი და ინვესტიცია, რომ უფრო მიმზიდველი იყოს ქვეყანა ინვესტიციებისთვის. ეს იყო კანონის ამოცანა რომ სხვადასხვა შეღავათებით მომხდარიყო წახალისება. ეს არის ვფიქრობ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც წარმატებით ვახორციელებთ. ეს აბსოლუტურად ადეკვატური კანონია და მოგეხსენებათ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნები მიმზიდველობას კარგავენ, ჩვენ კი ვსვამთ კითხვებს როგორ გადავაქციოთ ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველად, კაპიტალის მოზიდვის მიმართულებით, საფინანსო ცენტრი და საფინანსო ჰაბი გამოიყენება ტერმინად და ამ მხრივ ვფიქრობ რომ ის არგუმენტები, რაც ჰქონდათ დეპუტატებს ამ კანონის წარდგენისას არის სრულიად შესაბამისი.

კარგი შესაძლებლობა ჩნდება, და გვაქვს საშუალება ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ. გვექნება ახალი საგადასახადო შეღავათების ინიციატივებიც, რაზეც ვისმჯელებთ მთავრობის ფორმატში, რაც ეხება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს და ფართო მასებს.

შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მქონე ქვეყნებისთვის არსებობს ზოგადად უფრო ნაკლები ნდობა, ინვესტორების მხრიდან, აქედან გამომდინარე არის შესაძლებლობა, რომ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ გამართული საკანონმდებლო და საინვესტიციო გარემო, იყვნენ მიმზიდველი დანიშნულების ადგილი ასეთი ინვესტორებისთვის და მათ შორის არის საქართველოც, რაც აღნიშნულია სხვადასხვა შეფასებასა და რეიტინგში.

რა თქმა უნდა, რეპუტაციული თვალსაზრისით არანაირად არ დაზარალდება საქართველო, პირიქით ჩვენ გვაქვს კარგად აწყობილი საფინანსო სისტემა, რომელიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის AML-ისა და KYC-ის მიმართულებით, რაც გამორიცხავს ფულის გათეთრებას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

AML და KYC მოთხოვნები, რაც ლევან დავითაშვილმა ახსენა წარმოადგენს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც საფინანსო სფეროში მოქმედებს. ეს მოიცავს მოთხოვნებს იმის შესახებ, რომ ბანკმა უნდა იცოდეს თუ ვინ არიან საბოლოო ბენეფიციარები იმ კომპანიაში, რომლის ანგარიშის გახსნაზეც მიიღეს განაცხადი, რადგანაც ოფშორული კომპანიების შემთხვევაში ხშირად მსგავსი ინფორმაცია ღიად ხელმისაწვდომი არაა, რაც ოფშორულ კომპანიებთან მუშაობის სირთულეებს ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები