მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო საერთაშორისო სასტუმროების ბრენდებისთვის მიმზიდველად რჩება - გიორგი დოლიძე

გიორგი დოლიძე

სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორი, გიორგი დოლიძე აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო ბრენდებისთვის საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყნად რჩება.

როგორც დოლიძე BMG-სთან ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სასტუმრო ოთახების მიწოდება გაიზარდა, თუმცა ეს დარგი საინვესტიციო მიმზიდველობას ინარჩუნებს.

მისივე თქმით, 2028 წლამდე საქართველოს მასშტაბით 300-მდე ახალი სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი და აქედან 30-მდე საერთაშორისო ბრენდისაა.

“მოგეხსენებათ, საქართველო წლიდან წლამდე ხდება უფრო პერსპექტიული და მოთხოვნადი როგორც ტურისტების ჩამოსვლის მიმართულებით, ასევე იმის გამო, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო ბაზარია გახსნილი და წლიდან წლამდე საერთაშორისო პირდაპირი ფრენები სწორედ იმ ბაზრებიდან ემატება, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია, საიდანაც შეგვიძლია მოვიზიდოთ საშუალო და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები.

ამიტომაც სტატისტიკას, ჩვენს პრაქტიკასაც რომ გადავხედოთ, ზრდა საშუალოდ 10-15%-მდეა, როგორც შემოსავლების, ასევე ტურისტების. რაც შეეხება მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსს, არის ზოგიერთი წელიწადი, როდესაც რამდენიმე ათეული სასტუმრო ერთად იხსნება და შესაძლებელია, რომ იმ კონკრეტულ წელს ან იმ კონკრეტულ პერიოდში ერთჯერადად გადააჭარბოს მოთხოვნამ მიწოდებას. არის პერიოდები, როდესაც მიწოდება ეწევა მოთხოვნას. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური სიტუაცია, სადაც გარკვეულ პერიოდებში არის მეტი საწოლი [სასტუმროს ოთახები], ვიდრე ტურისტი, ხან მეტი ტურისტი, ვიდრე საწოლი [სასტუმროს ოთახები] და იქნება დეფიციტი. ამიტომაც არის ხოლმე ხანდახან გაზრდილი ფასები.

აქედან დასკვნას ვერ გამოვიტანთ, რომ საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი არაა, პირიქით. მგონია, რომ წლიდან წლამდე რასაც ვუყურებთ სასტუმროების მშენებლობას, გახსნას, ინვესტორების ჩართულობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო მასშტაბებიდან, საკმაოდ ზრდის ტემპია. სტატისტიკის მიხედვით, უახლოესი 3 წლის განმავლობაში და იმ ანონსების მიხედვით, რაც არის დაგეგმილი, დაახლოებით 300-მდე ერთეული ობიექტის გახსნაა დაგეგმილი.

აქედან 30-ზე მეტი ობიექტი უნდა იყოს საერთაშორისო ბრენდის ან მათი ქვებრენდის წარმომადგენელი. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ნამდვილად წინ მიიწევს ეს სფერო. მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდება და ტურიზმს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში კიდევ უფრო დიდი წილი ექნება. იმიტომ რომ ამ სფეროში დასაქმებული თითოეული ადამიანი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის, რომ რაც შეიძლება მეტ ტურისტს უმასპინძლოს, რაც შეიძლება კმაყოფილი გააცილოს აქედან და მაქსიმალურად დახარჯოს და გამოიყენოს ის გახსნილი ბაზრები, რაც წლიდან წლამდე საქართველოს ემატება", - განაცხადა გიორგი დოლიძემ.

ტურიზმის დარგის წარმომადგენლის დაკვირვებით, საერთაშორისო ბრენდები და მათ ქვებრენდები თბილისსა და ბათუმში რიგ შემთხვევაში 12 და 15 ობიექტში არიან შესულები.

"ეს ყველაფერი სწორედ იმისკენ მიუთითებს, რომ არა მხოლოდ ინვესტორებისთვის, არამედ ბრენდებისთვისაც საინტერესო არის საბედნიეროდ ჩვენი ქვეყანა. ადრე თუ ძალიან დიდი ბიუროკრატია სჭირდებოდათ ხოლმე და კვლევები, რასაც საფუძვლიანად შემოდიოდნენ და გასცემდნენ ფრენჩაიზის ლიცენზიებს ინვესტორებს, დღეს ეს ყველაფერი მეტად გამარტივებულია და სხვადასხვა ბრენდებთან შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ და შემოვიყვანოთ.

ერთ კონკრეტულ წელს შეიძლება ერთბაშად ძალიან ბევრი ობიექტი გაეშვას, გაიხსნას, ხოლო მეორე წელს შედარებით უფრო ნაკლები. ესეც ჩვეულებრივი დინამიკაა და მუდმივად თანაბარი ობიექტი წლების განმავლობაში, ყველა წელს რომ ერთი და იგივე ციფრი მივიღოთ ახალი დამატებული ობიექტების, ასე ვერ ხდება. სამწუხაროდ.

საგარეო ფაქტორებს რაც შეეხება, აქაც ზოგიერთი ობიექტი არის უცხოური ინვესტიციით, შეიძლება გარკვეული წლის ჭრილში მოიკლოს უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომლებმაც ადგილზე არ აიღონ სესხი რომელიმე ფინანსური ინსტიტუტისგან. შეიძლება მომდევნო წელი იყოს ისეთი, სადაც ძირითადი სასტუმროები შიდა ფინანსური რესურსებით და სახსრებით, სესხის სახსრებით იქნება მობილიზებული და აშენებული და ა.შ.”, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები