მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობით, ერთ-ერთი მოწინავეა" - პაატა სალია

სალია

იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას შეფასებით, საქართველო საჯარო სერვისების თვალსაზრისით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს - ამის შესახებ სალიამ თბილისში გამართულ საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის შეჯამებისას ისაუბრა.

თბილისში, 23-25 ივნისს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი გაიმართა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ღონისძიებაზე ძირითადი დისკუსიები ციფრულ ტრანსფორმაციას, ხელოვნური ინტელექტის დანერგვასა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას დაეთმო.

"საქართველო ამ მიმართულებით - საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის, კომფორტულობის, ინოვაციის თვალსაზრისით - არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ძალიან ბევრ ქვეყანას აინტერესებდა ჩვენი გამოცდილება. რა თქმა უნდა, ჩვენც ბევრი სიახლე შევიტყვეთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისაგან. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც დგას თანამედროვე მსოფლიოში.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან დანერგვაზე. ამ ფორუმის ფარგლებში, ასევე, გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, დაიგეგმა არაერთი ვიზიტი, საინტერესო იდეების ურთიერთგაცვლა და, ვფიქრობ, რომ ამ ფორუმმა საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საჯარო სერვისებისა და საჯარო მმართველობის თვალსაზრისით", - განაცხადა პაატა სალია.

იუსტიციის მინისტრი ამ პოზიციონირების საფუძვლად უწყება ქვეყანაში არსებულ ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურას ასახელებს.

"ამჟამად საქართველოში მოქმედებს 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერების დასაძლევად და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სერვისების მისაწვდომად 20 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, რომლებიც 90 სოფელს ემსახურებიან. სერვისების მიწოდება ასევე ხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებებში, ხოლო ეთნიკური უმცირესობებისთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი საჭიროებები. ციფრული მიმართულებით, პორტალზე MY.GOV.GE ხელმისაწვდომია 400-ზე მეტი ონლაინ სერვისი, მოქმედებს დისტანციური რეგისტრაციისთვის განკუთვნილი "გონიერი კონტრაქტი", ხოლო შემდგომი განვითარების გეგმა გაწერილია საქართველოს 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიაში", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მინისტრის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში მიღებული სპეციალური ჯილდო პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან.

"გაიმართა არაერთი დისკუსია, თუ როგორი უნდა იყოს საჯარო სერვისები მომავალში, როგორ უნდა ემსახურებოდეს ის ადამიანს. დისკუსიაში ცენტრალური ადგილი ყოველთვის ეჭირა ადამიანს, მოქალაქეს და ყველა ვთანხმდებით და ყველა ვართ ერთ აზრზე, რომ ამ მომსახურების ცენტრში, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ადამიანი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ და ჩვენ სწორედ ეს ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ ჩვენს კოლეგებს.

ჩვენთვის ეს ფორუმი იყო კიდევ ერთი აღიარება იმისა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს აღიარებენ მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენ გადმოგვეცა ფორუმის გახსნისას გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის მიერ სპეციალური ჯილდო, სიგელი, რომელიც იყო ზუსტად აღნიშვნა და დაფასება იმ რეფორმებისა, რომელთაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას, ჩვენი სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, რათა სახელმწიფო სერვისები დარჩეს ხელმისაწვდომი, ოპერატიული და მოქალაქეზე ორიენტირებული", - აცხადებს პაატა სალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები