მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო შეინარჩუნებს, დაიცავს მშვიდობას და უსაფრთხოებას, განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას" - დეპუტატი

პარლამენტი

რუსული კანონის სამივე მოსმენით მხარდამჭერმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა და თქვა, რომ მათ უხაროდათ, როცა ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემოდა და ლარი უფასურდებოდა.

„თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული და გახარებული აკეთებდით კომენტარებს ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების მცირედ გაუფასურებასთან დაკავშირებით. თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გიხაროდათ ვალუტის კურსის უარყოფითი ცვლილება წინა დღეებში. თქვენ ხართ ის ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული იყავით და ტაშს უკრავდით საკუთარი სახელმწიფოს ინსტიტუტების ვებგვერდებზე ჰაკერულ თავდასხმაზე. წარმოიდგინეთ, სადამდე მიხვედით - რა გიხაროდათ და რას უკრავდით ტაშს. თქვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სამშობლოს სიყვარული, როცა ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ტესტი და მეტი ლუსტრაცია რაღა გინდათ? დღესაც გამოდიხართ და ლაპარაკობთ, გადამწყვეტი დღე არისო. გადამწყვეტი დღე იყო, როდესაც მიატოვეთ თქვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე, როდესაც თქვენი მოსახლეობა მიატოვეთ აგვისტოს ომში ევაკუაციის გარეშე. გადამწყვეტი დღე იყო სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეაზე ხმა რომ მიეცით საქართველოს დადანაშაულების რეზოლუციას ომის დაწყებაში. აი, ეს იყო გადამწყვეტი დღეები და ხალხმა ნახა, თქვენ რის გამკეთებლები ხართ", - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის დეპუტატის თქმით, დიდ დროში გამოჩნდება, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი კანონი კი არა, კანონის გარშემო მიმდინარე კამპანიაა.

„საქართველო შეინარჩუნებს, დაიცავს მშვიდობას და უსაფრთხოებას, განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს მუშაობას. ყველა პროფესიონალი, ვინც ჩვენი ქვეყნის საჯარო სიკეთეს, ვინც მოქალაქეებს, ვინც საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა, ჩვეულებრივ განაგრძობს თავისი საქმის კეთებას. ამით ყველა დარწმუნდება, რომ ეს კამპანია, რომელიც ზიზღით, დაპირისპირებით, პირდაპირ პოლიტიკური შურისძიებით იყო გაჯერებული აბსოლუტურად უადგილო, არასწორი და საქართველოსთვის დამაზიანებელი გახლდათ, მაგრამ ეს ოპოზიცია მაგაზეც ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები