მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო, სომხეთი, ფინეთი, ყაზახეთი - სენატორები რუსეთში ჩიპების სანქციების გვერდის ავლით შეტანაზე

რიჩარდ ბლუმენტალი

აშშ-ის სენატის საშინაო უსაფრთხოების კომიტეტმა რუსეთის მიერ ამერიკული წარმოების ჩიპების სანქციების გვერდის ავლით მიღების თაობაზე იმსჯელეს. სენატორებმა განაცხადეს, რომ რუსულ სამხედრო შეიარაღებაში კვლავ გამოიყენება ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების - Intel-ის, AMD-ის, Texas Instruments-ისა და Analog Devices-ის ჩიპები, რომელთა მიწოდებაც სანქციებით არის აკრძალული. მოსმენაზე სენატორებმა რიჩარდ ბლუმენტალმა და რონ ჯონსონმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის მეზობელ ქვეყნებში ამერიკული ჩიპების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა, რაც შემდგომში მაღალი ალბათობით რუსულ სამხედრო შეიარაღებაში ხვდება. სენატორებმა დაასახელეს ფინეთი, სომხეთი, თურქეთი ყაზახეთი და საქართველო, როგორც ამ ჩიპების შუამავალი ქვეყნები, რომელთა გავლითაც სანქცირებული პროდუქცია სავარაუდოდ რუსეთში ხვდება.

"ამ ოთხი ტექნოლოგიური კომპანიიდან (Intel, AMD, TI, Analog Devices), ექსპორტი ასტრონომიულად გაზრდილია ყაზახეთში, 2021-დან 2022 წლამდე გაათასმაგებულია, ამავე პერიოდში საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 34-ჯერ, სომხეთში 28-ჯერ, თურქეთში ექსპორტი გაორმაგდა და ფინეთში 1.5-ჯერ გაიზარდა", – აღნიშნა ბლუმენტალმა.

“ექსპორტზე დაწესებული ფართო კონტროლის მიუხედავად, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღებაში არის ბევრი დასავლური ქვეყნის კომპონენტი. ფირმების 70%-ზე მეტი. სიცხადისთვის, ქვედა კომიტეტს არ მიუღია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ სამხედრო კომპონენტების, როგორიცაა ნახევარგამტარები, მწარმოებლები აშშ-ს ექსპორტის კონტროლს არღვევენ. ამის ნაცვლად, წინასწარი ინფორმაციით, როგორც ჩანს, არასანქცირებული ქვეყნები, კერძოდ სომხეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი აშშ-დან კომპონენტების იმპორტირებას ლეგალურად ახდენენ, შემდეგ, პირდაპირ, ან ირიბად, რუსეთში ნახევარგამტარები საბოლოო მომხმარებლამდე ექსპორტად გააქვთ,”- განაცხადა რონ ჯონ ჯონსონმა.

სენატორების განცხადებას პასუხობს საქართველოს შემოსავლების სამსახური, სადაც აცხადებენ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე დასახელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე რუსეთისთვის, დაწესებული სანქციების თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას, სენატორების - რონ ჯონსონისა და რიჩარდ ბლუმენთალის, ასევე სხდომაზე მოწვეული ექსპერტების მიერ, გაკეთებული განცხადებების მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, შემდეგს:

კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს. გარდა ამისა, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე მიმართა ამერიკელ კოლეგებს და მოთხოვნილია განმარტება თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით.

ამ ეტაპისთვის, არ არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი არცერთი შემთხვევა. კოლეგების მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას,”- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები