საქართველო–სომხეთის ურთიერთობები პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმართულებებში სწრაფად ვითარდება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრისას განაცხადა. სომხეთის პრეზიდენტი თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
კობახიძის თქმით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის თანამშრომლობა მჭიდრო და პრაქტიკულია, ხოლო მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლა არსებული პარტნიორობის გაძლიერების ნათელი დადასტურებაა.
„მოხარულები ვართ, რომ დინამიურად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლაც ამის დასტურია. მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის, თქვენი პირადი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში. გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სომხეთის მთავრობასთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დინამიკით, ამ ტემპებით ჩვენ ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწევთ მომავალში ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ.
შეხვედრისას სომხეთის პრეზიდენტმაც ხაზი გაუსვა რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელობას.„ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა და შიდა პოლიტიკური მდგრადობა. ვფიქრობ, მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისკენ,“ - აღნიშნა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.
ცნობისთვის, საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სომხეთთან სავაჭრო ბრუნვამ 10 თვეში 625.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდს 3%-ით აღემატება.




























