მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ტურისტულ რუკაზე საერთოდ გამქრალია - მაია სიდამონიძე

601179fb3122c
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.21 19:44
1830
ქვეყნის მასშტაბით სამთო კურორტებისთვის 2020-2021 წლის სეზონი ფაქტობრივად ჩავარდნილია, სამთო კურორტები დაკეტილია, თბილისში სასტუმროების უმრავლესობა დახურულია ან საკარანტინე ზონად არის ქცეული, სარესტორნე ბიზნესის ამოქმედების ვადები უცნობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, მოლები შეზღუდვებით იხსნება... ქვეყანაში ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გადაწყვეტილება ინფექციის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელზე გახდა დამოკიდებული.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი აცხადებს, რომ ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილია. ჩაკეტვებისა და შეზღუდვების მიუხედავად 22 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ცა 1 თებერვლიდან გაიხსნება, თუმცა თურნავა ამბობს, რომ საწყის ეტაპზე ეს არ იქნება სრული გახსნა.

გუშინ, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ ისიც განაცხადა, რომ კვირის განმავლობაში სექტორალური შეხვედრების ფარგლებში ეკონომიკური გუნდი ტურ-ოპერატორებს, ქვეყანაში ფრენების აღდგენის შემდეგ, ტურისტების შემოშვების წესების შემუშავების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდება.

BM.GE აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს და „პრო-თრეველ ჯორჯიას“ მმართველ პარტნიორს მაია სიდამონიძეს ესაუბრა.

მისი შეფასებით, ტურიზმის აღდგენისა და ვიზიტორების ქვეყანაში დაშვების წესების შემუშავება მნიშვნელოვანი საკითხია და ეს ბევრად ადრე უნდა დაწყებულიყო.

„აუცილებელია ტურისტების შემოშვების წესების შემუშავება, იმიტომ, რომ თუ საერთაშორისო პრაქტიკა მოგვაქვს, იქ არათუ გახსნის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, არამედ პოსტკოვიდ სტრატეგიაც გაწერილი აქვთ. ამ მიმართულებით რაღაც გეგმა უნდა ყოფილიყო, თუნდაც იმიტომ, რომ მოლოდინების სწორი მენეჯმენტი მომხდარიყო შემდგომში“, - განაცხადა მაია სიდამონიძემ.

ის თვლის, რომ საქართველო დღეს ტურისტული რუკიდან გამქრალია, რადგან ტურიზმის ადმინისტრაცია სრულად საკარანტინე სივრცეების მართვაზეა გადასული.

„მარკეტინგული აქტივობა ამ პერიოდში აუცილებელია, იქიდან გამომდინარე, რომ მომავალში კონკურენტული მიმართულება ვიყოთ. საქართველო ტურისტულ რუკაზე საერთოდ გამქრალია, იმიტომ რომ სხვა ქვეყნები უამრავ მარკეტინგულ ფინანსურ რესურსს დებენ, იმაში, რომ თუ ვერ მიიზიდავენ საერთაშორისო ვიზიტორებს, ის მაინც იყოს, რომ არ დაავიწყდეთ ეს მიმართულებები და მათ ცნობიერებაში დარჩეს. ამაზე მიზანმიმართული კამპანიებია, განსაკუთრებით ციფრულ მედიაში. ტურიზმის ადმინისტრაცია ბოლო პერიოდში საკარანტინე სივრცეების მართვით დააკავეს, იმის მაგივრად, რომ მარკეტინგული მიმართულებით დაესაქმებინათ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ 100 მლნ-ს საკარანტინე სივრცეში რომ ხარჯავენ ფაქტია, რომ შედეგი არ გამოიღო და მაინც იზოლაციაში და ჩაკეტილ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

ციფრულ პლატფორმებზე აქტივობა რომ შეგვენარჩუნებინა და უფრო პროაქტიულები ვყოფილიყავით ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად პოტენციური ტურისტის თავში საქართველო კვლავ იარსებებდა. დღეს გამქრალი ვართ, იმიტომ რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მარკეტინგული კამპანიები და ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ გავქრით, ჩავკეტეთ საზღვრები. ეს არათანმიმდევრული პოლიტიკაა ინდუსტრიის განვითარებისთვის. გასაგებია დღევანდელი სიტუაცია, მაგრამ არსებობა არ უნდა შევწყვიტოთ და გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ შემდგომში ინდუსტრიის აღდგენა იყოს მდგრადი“, - უთხრა BM.GE-ს მაია სიდამონიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები