მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვის დაბალანსების რესურსი სოფლის მეურნეობას აქვს“

60e2e459a121d
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.21 10:10
629
საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 1.6 მლრდ დოლარი შეადგინა, საიდანაც უდიდესი ნაწილი 1.4 მლრდ დოლარი იმპორტია, ხოლო ექსპორტი - 190.5 მლნ დოლარი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა უნდა გაორმაგდეს და 3 მლრდ დოლარამდე გაიზარდოს.

სად არის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის რესურსი, როგორ შეიძლება იმპორტ-ექსპორტის დაბალანსება და რა პროდუქციის შეთავაზება შეუძლია საქართველოს თურქეთისთვის - ამ კითხვებზე BM.GE-ის საქართველოში თურქი ბიზნესმენების ასოციაციის თავმჯდომარემ უპასუხა. ოსმან თურანი სავაჭრო ბრუნვაში არსებული დისბალანსის შევსების რესურსს საქართველოს მხრიდან სოფლის მეურნეობის დარგში ხედავს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესო და აუცილებელი იყო, რადგან ბოლო პერიოდში პანდემიის გამო მსგავსი სახის ვიზიტები შემცირებული იყო. თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ვიზუალურადაც უმაღლეს დონეზე იყო და შინაარსობრივადაც კარგი თემები განიხილებოდა. პრემიერის ვიზიტიდან 1 კვირაში საქართველოში თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩამოვიდა და საუბარი სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას შეეხებოდა.

თურქეთთან ვაჭრობის შემთხვევაში ექსპორტ-იმპორტის დისბალანსი დიდია. ამის დასაბალანსებლად რესურსი სოფლის მეურნეობის დარგშია. კონკრეტულად კი ხორცის წარმოებაში. საქართველო უნდა მოემზადოს ამისთვის და თურქეთმა საქართველოს გარკვეული დახმარება უნდა აღმოუჩინოს, ვეტერინარული დახმარება იქნება ეს თუ სტანდარტების შემუშავება თუ სხვა საკითხები. შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთი აქედან გარკვეული პროდუქტების ყიდვისა და გატანისთვის მზად არის“, - აცხადებს ოსმან თურანი.

საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს მაღალტექნოლოგიური წარმოებების ამოქმედების რესურსი არ აქვს და დარგის განვითარების რესურსს კვლავ უცხოელ ინვესტორებში ხედავს.

„საქართველოს ასეთი წარმოებების რესურსი არ აქვს, მწარმოებლებიც არ არიან. ვაჭრობაში დისბალანსიც ამიტომ იზრდება. ვფიქრობ, რომ გამოსავალი თურქ ინვესტორებშია, რადგან მათ ქვეყანაში არამხოლოდ ფული, არამედ გამოცდილება, ნოუჰაუ, კადრები, მზა რეალიზაციის ბაზარი შემოაქვთ, რაც პროცესებს აჩქარებს.

როდესაც თურქეთზე და ექსპორტზე ვსაუბრობთ, თურქეთი ძალიან დიდი ბაზარია, 84 მლნ მოსახლით. საქართველოს და ადგილობრივ წარმოებას, რომ ვუყურებთ მასშტაბები ძალიან პატარაა. თურქეთში რომელიმე პროდუქტის გატანაზე, რომ დაიწყოს საუბარი ძალიან დიდი მასშტაბია საჭირო, რაც საქართველოში დღეს არ არსებობს და არც ამის გამოცდილება არსებობს. შესაბამისად, ამიტომ ვიძახი, რომ ისევ და ისევ იქიდან გამოცდილი ინვესტორი, თავისი ტექნოლოგიებით, ნოუჰაუთი და კადრებით მოდის აქ და ამ პროცესს აჩქარებს“, - განმარტავს თურანი და იმედოვნებს, რომ სამთავრობო შეხვედრების შემდეგ საკითხი გააქტიურდება და თურქი ინვესტორები საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტებში ინვესტორებით უფრო დაინტერესდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები