მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო უფრო მეტ ჩაის ყიდულობს, ვიდრე ყიდის - საექსპორტო/საიმპორტო ბაზრები

ჩაი

საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, სადაც ჩაის მოყვანის ტრადიცია საუკუნეზე მეტს ითვლის. თუმცა, საგულისხმოა, რომ როგორც ადრე, ის ისეთი დიდი რაოდენობით აღარ იწარმოება და შესაბამისად, მისი წილი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამის მიუხედავად, სექტორის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ სწორი მხარდაჭერისა და ინოვაციური მიდგომების შემთხვევაში, ქართულ ჩაის აქვს დიდი პოტენციალი, კვლავ დაიკავოს ღირსეული ადგილი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

BM.GE დაინტერესდა, თუ რა რაოდენობის ჩაის ვყიდულობთ და ვყიდით საერთაშორისო ბაზრებზე.

წელს საქართველოში ექსპორტირებული ჩაის მოცულობა შემცირდა, ხოლო მიღებული შემოსავლები გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით 2025 წლის 4 თვეში, ქვეყანამ 470 ტონა ჩაი გაყიდა, საიდანაც $983 ათასის შემოსავალი მიიღო, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს უცხოეთში 553 ტონა ჩაი ჰქონდა გაყიდული, ხოლო შემოსავალი $721 ათასი მიიღო. ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართული ჩაი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირდა.

წელს, ქვეყნისთვის ჩაის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, სადაც საქართველომ ბოლო 4 თვეში $671 ათასის ღირებულების 167 ტონა ჩაი გაყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 146%-მდე აჭარბებს.

რაც შეეხება დანარჩენ ბაზრებს, 2025 წლის იანვარ-აპრილში ჩაის მთავარი საექსპორტო ბაზრების TOP-5 ასეთია:

  • თურქეთი - $671 ათასი, 167 ტონა;
  • ყაზახეთი - $81 ათასი, 135 ტონა;
  • სომხეთი - $51 ათასი, 69 ტონა;
  • მონღოლეთი - $60 ათასი, 61 ტონა;
  • თურქმენეთი -$31 ათასი, 16 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, ოფიციალური მონაცემებით, საქართველომ მიმდინარე წლის 4 თვეში 865 ტონა ჩაიში $3,6 მლნ გადაიხადა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანას $2,8 მლნ-ის ღირებულების 648 ტონა ჩაი ჰქონდა შეძენილი.

ქვეყნისთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაც თურქეთია. ამ ბაზარზე წელს საქართველომ 270 ტონა ჩაი შეიძინა, რაშიც $137 ათასი გადაიხადა.

2025 წლის 4 თვეში, მთავარი TOP-5 საიმპორტო ქვეყანა ასეთია:

  • თურქეთი - $137 ათასი, 270 ტონა;
  • შრი-ლანკა - $966 ათასი, 187 ტონა;
  • რუსეთი - $1,2 მლნ, 178 ტონა;
  • აზერბაიჯანი - $794 ათასი, 119 ტონა;
  • ირანი - $45 ათასი, 52 ტონა.

ცნობისთვის, გაეროს ინიციატივით, ყოველწლიურად, 21 მაისს ჩაის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია ადამიანებს გააცნოს ჩაის უძველესი ისტორია, ასევე მისი მნიშვნელოვანი კულტურული და ეკონომიკური როლი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები