საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის გაფორმებული ინვესტორთა ორმხრივი ურთიერთდაცვისა და ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის ტექსტის თანახმად, ის მიზნად ისახავს ორ ქვეყანაში მოღვაწე ინვესტორების უფლებების დაცვას და ორმხრივი ინვესტიციების ხელშეწყობას. ხელშეკრულების შესახებ შეთანხმება 2024 წლის 19 ივლისს შედგა და ის ძალაში 2025 წლის 24 იანვარს შევა ძალაში.
დოკუმენტი მოიცავს ინვესტორთა ხელშეწყობის სხვადასხვა მექანიზმს, ასევე მათთვის განსაზღვრავს ზარალის კომპენსაციის მექანიზმს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფომ უნგრელ ინვესტორებს უნდა აუნაზღაუროს საქართველოს სახელმწიფოს მიერ მიყენებული შესაძლო ზარალი და პირიქით, ქართველი ინვესტორებს უნგრეთის სახელმწიფომ შესაძლო მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაუროს, თუკი აღნიშნულის შესახებ შესაბამისი საარბიტრაჟო ან საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება შევა ძალაში.
საქსტატის მონაცემების თანახმად, უნგრეთი საქართველოში მსხვილი ინვესტორი არაა. 2024 წლის 9 თვეში საქართველოში შემოსულ $966 მილიონიან ინვესტიციებში უნგრეთის წილი დადებით საინვესტიციო ნაკადებში საერთოდ არ ყოფილა და მის მიმართ საინვესტიციო მოცულობა პირიქით მინუს 2.9 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ნიშნავს ან უნგრელი ინვესტორების მიერ შექმნილი აქტივის თუ შპს-ის ქართველ მესაკუთრეზე გადაცემას/გაყიდვას ან უნგრული ინვესტიციით შექმნილი კომპანიის მიერ ვალის მომსახურებას მშობელი კომპანიის მიმართ. რაც შეეხება სხვა წლებს, 2023 წელს უნგრული FDI 1.2 მილიონ დოლარს, 2022 წელს - 2.7 მილიონს, 2021 წელს - $4 მილიონს, 2020-ში - $1.4 მილიონს, 2019-ში კი 2.9 მილიონ დოლარს შეადგენდა. ინვესტიციების მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, ინვესტორთა ორმხრივი ურთიერთდაცვის ხელშეკრულების გაფორმება უფრო მეტად წარმოადგენს საქართველოს და უნგრეთის მოქმედი მთავრობების მიერ მათი პარტნიორობის ხაზგასმას, ვიდრე ინვესტორთა საჭიროებების საპასუხოდ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულების გაფორმებას.
ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ მისი მოქმედება შეწყდება თუკი საქართველო EU-ს წევრი გახდება, რადგანაც EU-ს წევრ სახელმწიფოებს შორის ინვესტორთა უფლებების ურთიერთდაცვის საკითხები ცალკე EU-ს კანონმდებლობით რეგულირდება, რაც საქართველოზეც გავრცელდება მაშინ, როდესაც საქართველო EU-ს წევრი გახდება.
საქართველოს ინვესტორთა ურთიერთდაცვის ორმხრივი ხელშეკრულებები შემდეგ ქვეყნებთან აქვს გაფორმებული:
# | ხელშეკრულების სახელი | გაფორმების თარიღი |
1 | საქართველო - ესპანეთი BIT (1990) | 26/10/1990 |
2 | საქართველო - თურქეთი BIT (1992) | 30/07/1992 |
3 | ჩინეთი - საქართველო BIT (1993) | 03/06/1993 |
4 | BLEU (ბელგია-ლუქსემბურგის ეკონომიკური კავშირი) - საქართველო BIT (1993) | 23/06/1993 |
5 | საქართველო - გერმანია BIT (1993) | 25/06/1993 |
6 | საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატები BIT (1994) | 07/03/1994 |
7 | საქართველო - საბერძნეთი BIT (1994) | 09/11/1994 |
8 | საქართველო - უკრაინა BIT (1995) | 09/01/1995 |
9 | ბულგარეთი - საქართველო BIT (1995) | 19/01/1995 |
10 | საქართველო - გაერთიანებული სამეფო BIT (1995) | 15/02/1995 |
11 | საქართველო - ისრაელი BIT (1995) | 19/06/1995 |
12 | საქართველო - უზბეკეთი BIT (1995) | 04/09/1995 |
13 | საქართველო - ირანი, BIT ისლამური რესპუბლიკა (1995) | 26/09/1995 |
14 | აზერბაიჯანი - საქართველო BIT (1996) | 08/03/1996 |
15 | საქართველო - თურქმენეთი BIT (1996) | 20/03/1996 |
16 | სომხეთი - საქართველო BIT (1996) | 04/06/1996 |
17 | საქართველო - ყაზახეთი BIT (1996) | 17/09/1996 |
18 | საფრანგეთი - საქართველო BIT (1997) | 03/02/1997 |
19 | საქართველო - ყირგიზეთი BIT (1997) | 22/04/1997 |
20 | საქართველო - იტალია BIT (1997) | 15/05/1997 |
21 | საქართველო - რუმინეთი BIT (1997) | 11/12/1997 |
22 | საქართველო - ნიდერლანდები BIT (1998) | 03/02/1998 |
23 | საქართველო - მოლდოვა, BIT (1997) | 28/11/1998 |
24 | ეგვიპტე - საქართველო BIT (1999) | 10/08/1999 |
25 | ავსტრია - საქართველო BIT (2001) | 18/10/2001 |
26 | საქართველო - ლატვია BIT (2005) | 05/10/2005 |
27 | საქართველო - ლიტვა BIT (2005) | 09/11/2005 |
28 | ფინეთი - საქართველო BIT (2006) | 24/11/2006 |
29 | საქართველო - შვედეთი BIT (2008) | 30/10/2008 |
30 | ჩეხეთი - საქართველო BIT (2009) | 29/08/2009 |
31 | საქართველო - ქუვეითი BIT (2009) | 13/10/2009 |
32 | ესტონეთი - საქართველო BIT (2009) | 24/11/2009 |
33 | საქართველო - შვეიცარია BIT (2014) | 03/06/2014 |
34 | საქართველო - თურქეთი BIT (2016) | 19/07/2016 |
35 | საქართველო - ყირგიზეთი BIT (2016) | 13/10/2016 |
36 | ბელარუსი - საქართველო BIT (2017) | 01/03/2017 |
37 | საქართველო - არაბთა გაერთიანებული საემიროები BIT (2017) | 17/07/2017 |
38 | საქართველო - იაპონია BIT (2021) | 29/01/2021 |
39 | საქართველო - კატარი BIT (2022) | 21/06/2022 |