მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უკრაინელებს ბრძოლის ველზე გამარჯვება არ უწერიათ“ - ვიქტორ ორბანი

646dc7e6768f6
სალომე ხიდურელი
24.05.23 12:34
894
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ NATO სამხედროების გასაგზავნად მზად არ არის, აშკარაა, რომ საბრალო უკრაინელებისთვის ბრძოლის ველზე გამარჯვება არ იქნება“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ურბანმა, კატარში გამართული ეკონომიკის ფორუმის ფარგლებში Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, უნგრეთისათვის უკრაინაში მიმდინარე ომი „უნიკალური სიტუაციაა“, რადგან უკრაინა მეზობელი ქვეყანაა.

„უნგრეთი ძალიან უნიკალურ სიტუაციაშია, რადგან უკრაინა არ არის ჩვენგან შორს, მეზობელი ქვეყანაა. გარდა ამისა, ჩვენი ეთნიკური უმცირესობა, 200 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს უკრაინაში, ისინი ომის ნაწილნი არიან, ირიცხებიან უკრაინულ არმიაში და ყოველ დღე კარგავენ სიცოცხლეს. ამიტომ ვუყურებთ ამ ომს განსაკუთრებული კუთხიდან და არ მივეკუთვნებით მეინსტრიმულ ევროპულ მიდგომას.

ეს ომი დიპლომატიის წარუმატებლობაა. არასდროს უნდა მომხდარიყო. ფრონტის ხაზზე დაკვირვებით, აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე გამოსავალი არ არსებობს. თქვენ მართალი ხართ, როდესაც ამბობთ, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, მაგრამ კითხვა ის კი არ არის, ვინ სად შეიჭრა, არამედ ის, თუ რა იქნება ხვალ. ფაქტი ისაა, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება და გამარჯვების შანსი არც ერთ მხარეს არ აქვს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის განმარტებით, ევროკავშირმა მთელი ენერგია ცეცხლის შეწყვეტაში უნდა ჩადოს: „როდესაც ისეთი დარწმუნებული ხარ იმაში, რომ ომში გამარჯვების შანსი არ არის, როგორც მე ვარ, უფრო მეტი ენერგია უნდა ჩავდოთ ყველას დარწმუნებაში, რომ გამოსავალი ცეცხლის შეწყვეტაშია და ამის შემდეგ დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები