მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო UNWTO-ს ეგიდით ორგანიზებულ მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს

მსოფლიო ტურიზმის დღე
27.09.24 09:45
596

დღეს, 27 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნება.

მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი. დისკუსიის მიმდინარეობისას სპიკერები იმსჯელებენ ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებსა და ტრენდების შესახებ, ინდუსტრიის განვითარების პროცესში მშვიდობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის ინდუსტრიიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

"საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას. მსოფლიო ტურიზმის დღის მიმდინარეობას თბილისიდან წამყვანი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები გააშუქებენ", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები