საქართველო უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები მზარდია. ამ დროისთვის უზბეკეთი საქართველოს მეცხრე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია, სადაც 2025 წლის 8 თვეში ექსპორტი 55.9%-ით გაიზარდა და 126.3 მლნ დოლარი შეადგინა. მასზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 2.8% მოდის. უზბეკეთი იმ გამონაკლის ქვეყნებს შორისაა, რომლებთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს, ანუ თავად იმაზე მეტს ყიდის ამ ბაზარზე, ვიდრე ყიდულობს.
უზბეკეთში საქართველოს ელჩი BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საქართველო-უზბეკეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გააქტიურებაა.
ელჩის თქმით, უზბეკური მხარის გათვლებით, საქართველო-უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა მილიარდ დოლარამდეა შესაძლებელი.
„სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ მაღალია. შარშანდელი მონაცემებით, ეს არის 350 მილიონი დოლარი და ჩვენ გვაქვს სალდო პლიუსით. დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც ძალიან დაინტერესებულები არიან, რომ მაქსიმუმზე ავიყვანოთ [სავაჭრო ბრუნვა]. უზბეკეთის მხარის გათვლით, სავაჭრო ბრუნვა შესაძლებელია მილიარდ დოლარამდე ავიყვანოთ და ეს უკვე თვითონ ბიზნესზეა [დამოკიდებული] როგორ განახორციელებს, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური დაინტერესება და ხელშეწყობაა”, - აღნიშნა ელჩმა.
დავით კოტარიას განცხადებითვე, უზბეკეთს დიდი ინტერესი აქვს საქართველოში სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის სექტორებში. ელჩი აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, უახლოეს თვეებში საქართველოში უზბეკეთის საელჩოს გახსნაა დაგეგმილი.
„ბოლო პერიოდში საქართველო-უზბეკეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გააქტიურება გვაქვს. ეს დინამიკა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, ეს იყო პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო ვიზიტი [უზბეკეთში], მათ შორის, ჩატარდა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, უკვე რიგით მეათე კომისია ჩავატარეთ. პრაქტიკულად გაიწერა მთელი პოზიციები ორმხრივ ურთიერთობებში. უზბეკეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან აქტიურ, ეკონომიკურ ურთიერთობებს. ყველა მიმართულებით, ეს არის პოლიტიკა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა. ყველა მიმართულებით ვითარდება აქტიური თანამშრომლობა.
უზბეკეთის მხარე დიდ დაინტერესებას გამოხატავს საქართველოში ტრანსპორტის, ლოგისტიკის და საზღვაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ასევე მათ აინტერესებთ გამოცდილება, რომელიც [საქართველოში] თავისუფალი ეკონომიკური ზონების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარეა, ასევე IT ტექნოლოგიების და სხვადასხვა მიმართულებები, რომელსაც ორმხრივ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი სეგმენტი უჭირავს.
გამოდის, რომ ჩვენ [უზბეკეთში საქართველოს საელჩო] ვემსახურებით არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უზბეკეთის მოქალაქეები, რომელთა დინამიკა ძალიან დიდია საქართველოში, ასევე ჩვენ მოგვმართავენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე თავად უზბეკეთს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოში გაიხსნას საელჩო. მე მაქვს ამის მოლოდინი უახლოეს პერიოდში, შეიძლება მიმდინარე წლის ბოლოს, შეიძლება ახალი წლის დასაწყისში”, - აცხადებს დავით კოტარია.
აღსანიშნავია, რომ 9 თვის მონაცემებით, უზბეკეთი Top 15 ქვეყანას შორისაა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა. კერძოდ, რაოდენობამ 61 949 შეადგინა, რაც წლის ჭრილში თითქმის 23%-იანი ზრდაა.




























