მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო WB-ისგან შავი ზღვის კაბელის კვლევისთვის 29-წლიან სესხს იღებს

წყალქვეშა კაბელი

მსოფლიო ბანკი საქართველოს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთების კვლევის ფინანსირებისთვის 32.4 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს - აღნიშნული სასესხო შეთანხმების გაფორმებისთვის საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკს ჯერ კიდევ 2023 წლის 11 იანვარს მიმართა, მსოფლიო ბანკმა კი კრედიტის გამოყოფაზე დასტური 2024 წელს მიიღო და 2024 წლის 7 ივნისს შესაბამის სასესხო შეთანხმებას ხელიც მოეწერა, ახლა კი ის რატიფიცირებისთვის საქართველოს პარლამენტს წარედგინა, სადაც ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

კაბელის პროექტისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა იტალიურმა კომპანია CESI-იმ უკვე ჩაატარა და მისი პრეზენტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში ბაქოს ენერგეტიკულ კონფერენციაზე იგეგმება.

შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მას ხელს აწერენ საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. პროექტი 1,195 კილომეტრამდე სიგრძის კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც პირდაპირ საქართველოსა და რუმინეთის ენერგეტიკულ სისტემას დააკავშირებს, ხოლო აზერბაიჯანი და უნგრეთი სახმელეთო გადაცემის გზებით იქნებიან ახალ ენერგეტიკულ დერეფანში ჩართული.

რამდენიმე დღის წინ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სებასტიან ბურდუიამ განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, ახალი კაბელის მშენებლობა 3.5 მილიარდი ევრო დაჯდება. მისივე თქმით, შავი ზღვის მწვანე ენერგიის საკაბელო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარმოდგენილი იქნება ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე, რომელიც ნოემბერში უნდა გაიმართოს.

„რაც მეტი მარშრუტი გვექნება, რაც მეტი წყარო გვექნება, მით უფრო იაფი გახდება ენერგია. ის ფაქტი, რომ ჩვენს რეგიონში არსებულ ევროპულ სახელმწიფოებს ექნებათ წვდომა ენერგიაზე სრულიად განსხვავებული ბაზრიდან, როგორიც არის კავკასიის ბაზარი, რა თქმა უნდა, გამოიწვევს დივერსიფიკაციას. შედეგი მიწოდება და მეტი იაფი ენერგია.

ეს არ არის იაფი პროექტი, ზუსტი თანხა ჩვენ გვეცოდინება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შემდეგ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ 3,5 მილიარდი ევროა საჭირო საქართველოსა და რუმინეთს შორის წყალქვეშა კაბელის ასაშენებლად და ასევე ვიცით, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა ბურდუიამ.

არსებული ინფორმაციით, ობიექტის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია პროექტისთვის 2,3 მილიარდი ევროს გამოყოფას განიხილავს. რაც შეეხება უშუალოდ მსოფლიო ბანკის კრედიტს, მის ფარგლებში თანხის ჩამორიცხვა 2029 წელს სრულდება, ხოლო საქართველომ მისი მომსახურება 2030 წლის 15 ივლისიდან უნდა დაიწყოს, ხოლო საბოლოო გადახდა 2052 წლის 15 ივლისს უნდა შეასრულოს. კრედიტის განაკვეთი ცვლადია და ის EURIBOR-ზე არის მიბმული. მთლიანობაში საკრედიტო ხელშეკრულების ხანგრძლივობა 6-წლიან საშეღავათო პერიოდთან ერთად 29 წელი იქნება.

2022 წლის დეკემბერში ახალი ენერგეტიკული დერეფნის შექმნის მემორანდუმის გაფორმებისას ითქვა, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირს მწვანე ენერგიას მიაწვდიდა, თუმცა არსებული მდგომარეობით, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის გამომუშავება 95%-ით საწვავ რესურსებზე არის დამყარებული, ხოლო მზის და ქარის ენერგიის ათვისებას აზერბაიჯანი მხოლოდ ახლა იწყებს. შესაბამისად, პროექტის განხორციელება აზერბაიჯანში მწვანე ენერგიის განვითარების მიზნით ინვესტიციებზეც იქნება დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები