უმაღლესი განათლების ექსპერტ ლიკა ღლონტის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის უმაღლესი განათლების რეფორმის საბოლოო შედეგი ქვეყნის ინტელექტუალური კაპიტალის შემცირება და საქართველოს რუსების და არაბების სააგარაკე ზონაც ჩამოყალიბება იქნება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის პროექტის შეფასებისას განაცხადა.
უმაღლესი განათლების ექსპერტი მკვეთრად აკრიტიკებს განათლების რეფორმის პროექტის 7-პუნქტიანი კონცეფციის თითქმის ყველა პუნქტს და ამბობს, რომ რეფორმის მიზანია, არა - უმაღლესი განათლების სისტემაში ხარისხის ზრდა, არამედ - განათლების სისტემის კონტროლი.
ლიკა ღლონტს ვერ წარმოუდგენია, როგორ მიიღწევა უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გაზრდა უმაღლესი განათლების სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაციით ან „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის დანერგვით ან კიდევ 3+1 სისტემაზე გადასვლით, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას.
„მთავარი ამოცანა და დიდი სურათი არის ის შრომის ბაზარი, რომლისთვისაც ჩვენ უნდა მოვამზადოთ სპეციალისტები... ეს ბაზარი არ მოითხოვს ინტელექტუალურად განვითარებულ შრომის ძალას, ხომ?! [ქართული ოცნების] იზოლაციონისტური პოლიტიკის შედეგად, ეკონომიკურ კონტექსტში, ჩვენ ვყალიბდებით, როგორც რუსების და არაბების სააგარაკე ზონა. ყველა საინვესტიციო პროექტი საქართველოში დაკავშირებული არის რესტორნების და სასტუმროების მშენებლობასთან, ხომ?!
ჩვენ მეზობელ სომხეთში Nvidia ქარხანას ხსნის, მაგრამ ჩვენთან ინვესტიციები შემოიფარგლება კურორტების და სააგარაკო კოტეჯების მშენებლობით, რასაც სჭირდება თავისი მომსახურე პერსონალი“, - განაცხადა ლიკა ღლონტმა და თავის მოსაზრების გასამყარებლად, პარლამენტში გამოსვლისას, ირაკლი კობახიძის ის აქცენტები მოიშველია, სადაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი განათლების რეფორმის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას სამუშაო ძალის ზრდაზე აკეთებს აქცენტს.
კერძოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების 3+1 სისტემაზე გადასვლით შრომის ბაზარს, დაახლოებით, 30 000 კადრი შეემატება. ასევე, 12-წლიანი სწავლების გაუქმების და 11-წლიან მოდელზე დაბრუნების ერთ-ერთ უპირატესობად 11-წლიანი სამუშაო ძალის 30 000-ით გაზრდაც დაასახელა.
„ძალიან კარგია, რომ არ დამალა [ირაკლი კობახიძემ] და თქვა თუ წამოსცდა, რომ 11 წლის დამთავრების შემდეგ 30 000-ით გაიზრდება შრომის ბაზარი და იგივე თქვა 3+1 სისტემაზე გადასვლის კონტექსტშიც... ვსვამ კითხვას: სკოლის მერხიდან წამოსული 17 წლის მოზარდი სად შეიძლება დასაქმდეს?! ანუ ის გულისხმობს მომსახურების სფეროში არაკვალიფიციური მუშახელის გაზრდას;
ვინაიდან შრომის ბაზარზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გადავწვდეთ ბიზნესსაც, რომელიც წუწუნებს, რომ თურმე მუშახელი არა ჰყავს... ჩაიხედონ თავიანთ ბიუჯეტში და გაზარდონ ხელფასები, მისცენ თანამშრომლებს სოციალური გარანტიები... რა ჰგონიათ, რატომ გარბის ყველა ქვეყნიდან და რატომ საქმდებიან ხან პოლონეთში, ხან საბერძნეთში და ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაში?! იმიტომ, რომ იქ ანაზღაურება არის ადეკვატური. ამდენად, მხოლოდ სამუშაო ძალის კვალიფიკაციის კრიტიკა შრომის ბაზრის კრიტიკის გარეშე, არ იქნება სწორი“, - თქვა ლიკა ღლონტმა.
უმაღლესი განათლების ექსპერტმა „წერტილთან“ ინტერვიუში „ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმის ის ამოცანაც გააკრიტიკა, რომელიც შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის სხვადასხვა პროფესიაზე კვოტების რაოდენობრივი განაწილებას ითვალისწინებს.
„მთელი რიგი დარგებია, რომლებიც პირდაპირ არ არის მიბმული საქართველოს შიდა შრომის ბაზართან. მაგალითად, ხელოვნების სფეროში როგორ განსაზღვრავთ კონსერვატორიას რამდენი მევიოლინე და რამდენი ვოკალისტი სჭირდება?! ანუ თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრმა თუ არ მოგვცა ვაკანსია ე.ი. კონსერვატორიამ ვოკალისტი არ უნდა მიიღოს?! გარდა ამისა, არის უამრავი თვითდასაქმებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია, საკუთარი სახლიდან იმუშაოს საერთაშორისო კომპანიებისთვის... ამდენად, სახელმწიფო დაკვეთის სისტემა საბაზრო ეკონომიკის პირობებში აპრიორი სისულელეა... მე მახსოვს საბჭოთა პერიოდში განაწილების სისტემა იყო ანუ თქვენ აბარებდით უნივერსიტეტში, ხდებოდით აგრონომი და უკვე იცოდით, 5 წლის შემდეგ, სად უნდა წასულიყავით სამუშაოდ. ამ სისტემას ვაბრუნებთ?! ან შრომის ბაზარი სამ-ოთხ წელიწადში როგორ შეიცვლება, საიდან იციან?!“, - კითხვებს სვამს ექსპერტი.



























