მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო ყველა მნიშვნელოვანი პროექტის ჭრილში კონტექსტიდან ამოვარდნილია - ზვიად ჭუმბურიძე

ზვიად ჭუმბურიძე

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის შეფასებით, საქართველო დღეს რეგიონში ყველა მნიშვნელოვანი პროექტის ჭრილში კონტექსტიდან ამოვარდნილია. ამის შესახებ ჭუმბურიძემ საქართველო-რუმინეთის ბიზნესწრეების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, EUGBC არ ჩერდება და ევროპულ ქვეყნებთან დასაახლოებლად ღონისძიებებს მართავს, თუმცა ის ამბობს, რომ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისთვის პოლიტიკური სტაბილურობაა აუცილებელი. გაერთიანების ხელმძღვანელი მმართველ პარტიას ურჩევს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე კონცენტრირდეს.

„რუმინეთი შავ ზღვაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მიუხედავად რთული პოლიტიკური ვითარებისა, EUGBC-მ გადაწყვიტა რუმინელ პარტნიორებთან დღეს ბიზნეს ფორუმი ჩაგვეტარებინა, სადაც ყველა ის პროექტი იქნებოდა განხილული, რომელიც ჩვენთვის და რუმინეთისთვის მნიშვნელოვანია. შავ ზღვაზე არსებული ნებისმიერი პროექტი, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების შანსს მოგვცემს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე ხელშემწყობი ფაქტორი კონსტანცას პორტია, სადაც ჩვენ გასულ წელს საკმაოდ საინტერესო ბიზნესვიზიტი გვქონდა - 20-მდე კომპანია ჩავიყვანეთ და უნდა აღვნიშნო, რომ რუმინეთის მხარე თანამშრომლობისთვის მზად არის.

კონსტანცას პორტი არის ჩვენი ევროპული კარიბჭე, რომელიც სასიცოცხლოდ გვესაჭიროება. მმართველ პარტიას ვურჩევდი ამ თემებზე იფიქროს, ვინაიდან შუა დერეფანი, რომელიც ჩვენთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დღეს ასე ვთქვათ, რემისიის პირობებშია და ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი პროექტის ჭრილში კონტექსტიდან ამოვარდნილები ვართ, იქნებ როგორმე დავიბრუნოთ. ეს შეუქცევადი პროცესია და ამ პროცესის მიტოვება ნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში მეორე ტიპის მნიშვნელობის ქვეყანა ხდება“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

კითხვაზე - რომელი პროექტებიდან ამოვარდნაზე საუბრობს EUGBC-ის გენერალური მდივანი, ჭუმბურიძე პასუხობს: „ყველა ის პროექტი, რომელიც შავ ზღვაზე უნდა განვითარებულიყო - ოპტიკურ-ბოჭკოვანი პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, საბორნე მიმოსვლა და გადასასვლელები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენი წევრი კომპანიები ამ პროცესში ჩართულები არიან, მაგალითად E60 Shipping-ი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შუა დერეფანი, რომლის ალტერნატივებიც დღეს ჩნდება ამ პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს არ დავუკარგოთ ის ფუნქცია, რომელიც დღეს აქვს, მაგრამ დღეს რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ამ მიმართულებით ამერიკელებთან და ევროპელებთან კავშირით მედროშეები გახდნენ და ჩვენ გაუგებარ, ყოვლად წარმოუდგენელ ვითარებაში ვართ. ეს საგარეო პოლიტიკური კაზუსია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენი საბჭო არ ჩერდება და მრავალი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომ სამომავლოდ ევროპული განზომილება კიდევ უფრო ახლოს იყოს“, - აცხადებს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალური მდივანი და განმარტავს, რომ საქართველო ყველა პროექტში პასიურად მონაწილეობს იქნება ეს შავი ზღვის წყალქვეშა ენერგო კაბელი თუ შუა დერეფანი.

„მაშინ როდესაც ჩვენ ფლაგმანები უნდა ვიყოთ. საქართველო რეგიონში ყოველთვის მედროშე იყო, რომელსაც დღეს სამწუხაროდ, ეს თემები ხელიდან ეცლება", - დასძინა მან.

კონკრეტულად რუმინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისთვის კი ზვიად ჭუმბურიძე ამბობს: „აუცილებელია შავი ზღვის გადაზიდვების გააქტიურება, ასევე შუა დერეფნის უფრო აქტიურად ამოქმედება და ამ პროცესში რუმინეთის ჩართვა, ტურიზმის, წარმოების თუ ვაჭრობის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთება, რასაც წინაპირობად პოლიტიკური სტაბილურობა და ხედვა სჭირდება, რომ დავიბრუნოთ საქართველოს ევროპული გზა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები