2025 წლის 10 თვეში საქართველოდან ნაქსოვი ხალიჩების ექსპორტი გაიზარდა. ამ პერიოდში ქვეყანამ 3 030 ტონა ხალიჩები გაყიდა და 7 მილიონ 683 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ექსპორტს 44.2%-ით აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ხალიჩების ექსპორტი 2022 წელს გააქტიურდა. სწორედ ამ წელს დაფიქსირდა რეკორდული გადაზიდვები, რა დროსაც მთლიანი წლის განმავლობაში ექსპორტით ქვეყანამ 11 მილიონ 141 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს კი გასული წლების ჯამურ მაჩვენებლებზე მეტი იყო. 2022 წლის შემდეგ 2023 წელს ხალიჩების ექსპორტი შემცირდა, თუმცა 2024 წელს კვლავ გაიზარდა. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება წელსაც, როცა 10 თვეში გადაზიდვები გასული წლის ჯამურ ექსპორტს აღემატება.
უნდა აღინიშნოს, რომ ნაქსოვი ხალიჩების ექსპორტში ადგილობრივ ექსპორტზე მცირე წილი მოდის. 10 თვეში მხოლოდ 902 ათასი დოლარის ღირებულების 287 ტონა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტი გაიყიდა, რაც ასევე გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა დანარჩენი 6.7 მლნ დოლარის 2 742 ტონა რეექსპორტია. ეს კი მთლიანი ექსპორტის 88.2%-ია.
ნაქსოვი ხალიჩების მთავარი საექსპორტო ქვეყანა სომხეთია, სადაც 88.3%-ია გაყიდული. იანვარ-ოქტომბერში მეზობელ ქვეყანაში 6 მილიონ 787 ათასი დოლარის ღირებულების 2 744 ტონა ხალიჩები გავიდა. აზერბაიჯაინში მხოლოდ 632 ათასი დოლარის ღირებულების 217 ტონა, რუსეთში - 199 ათასი დოლარის 67 ტონა ხოლო თურქეთში - 48 ათასი დოლარის 500 კგ, იტალიაში კი 14.7 ათასი დოლარის 300 კგ გავიდა.
რადგან ქვეყნიდან ნაქსოვი ხალიჩების ექსპორტში ძირითადად რეექსპორტირებული პროდუქტი ჭარბობს, bm.ge-მ ვაჭრობის პორტალზე დაყრდნობით იმპორტის მაჩვენებლებიც გააანალიზა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს ქვეყანაში 8 მილიონ 960 ათასი დოლარის ღირებულების 2 876 ტონა ხალიჩები შემოვიდა, რაც 15.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოსთვის ნაქსოვი ხალიჩები მთავარი საიმპორტო ქვეყანა თურქეთია. 10 თვეში აქედან 6.7 მლნ დოლარის ღირებულების 2 616 ტონა ვიყიდეთ. ჩინეთიდან 964 ათასი დოლარის ღირებულების 189 ტონა, იტალიიდან კი 756 ათასი დოლარის 22 ტონა ხალიჩები შევიძინეთ.




























