მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ჩაის ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა

ჩაი

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ჩაის ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში ქვეყნიდან 1,4 მლნ დოლარის (967 ტონა) ღირებულების ჩაის ექსპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 924 450 დოლარის (800 ტონა). აღსანიშნავია, რომ 2020 წლის შემდეგ, 2024 წელი პირველი წელი აღმოჩნდა, როცა ჩაის ექსპორტმა ზრდა დაიწყო, მანამდე კი სამი წლის განმავლობაში კლების ტენდენციით გამოირჩეოდა.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, წელს, ყველაზე დიდი მოცულობით ჩაი მონღოლეთში (313,8 ტონა, 280 000 დოლარი) და ყაზახეთში (313.37 ტონა, 184 000 დოლარი) გავიდა. თუმცა, თანხობრივად, ყველაზე მეტი ჩაი თურქეთში გავყიდეთ - 165 ტონა 486 000 დოლარად. ქართული ჩაის საექსპორტო ქვეყნებს შორის სომხეთი, რუსეთი, თურქმენეთი და უკრაინაცაა. ჩაის საექსპორტო ბაზრების მიმართულებით გასულ წელსაც ანალოგიური ტენდენციები იყო.

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში, საქართველოში 4,8 მლნ დოლარის ღირებულების 1144 ტონა ჩაი შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 5,4 მლნ დოლარის 1368 ტონა ჩაი შემოვიტანეთ. მოცულობით ყველაზე მეტი ჩაი თურქეთიდან (453 ტონა) შემოვიდა, ხოლო თანხობრივად ჩაის საიმპორტო ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი ლიდერობს, საიდანაც 218 ტონა ჩაი 1,6 მლნ დოლარად ვიყიდეთ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთიც საიმპორტო ქვეყნების მოწინავე რიგებშია, საიდანაც წელს, იანვარ-ივლისის პერიოდში 1,5 მლნ დოლარის ღირებულების 232 ტონა ჩაის იმპორტი განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები