მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი გაიზარდა. იანვარ-ივნისში ქვეყნიდან სხვადასხვა საექსპორტო მიმართულებით 8 მილიონ 684 ათასი დოლარის ღირებულების 7 083 ტონა წვენები გავიდა. აღსანიშნია, რომ ექსპორტი უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოების წვენების რეალიზებაზე მოდის.
წლების მიხედვით ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ექსპორტის ღირებულება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 41%-ით, ხოლო მოცულობა 44.4%-ით აღემატება. ამასთან, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ისტორიაში წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
წლის პირველ ნახევარში ამ დასახელების საქონლის ექსპორტის 38.2% რუსეთის ბაზარზე მოდის. ამ მიმართულებით წვენების გადაზიდვების მაჩვენებელი წელს გაორმაგდა. მეორე მთავარი საექსპორტო ბაზარი კი აშშ-ია, სადაც წვენების ექსპორტი ასევე გაზრდილია.
იმ TOP-10 ქვეყნის რეიტინგი, სადაც მიმდინარე წელს ხილისა და ბოსტნეულის წვენები ყველაზე მეტი რაოდენობით გავიდა ასეთია:
1. რუსეთი - 3.3 მლნ დოლარი, 2 941 ტონა;
2. აშშ - 1.7 მლნ დოლარი, 1 318 ტონა;
3. გერმანია - 987 ათასი დოლარი, 915 ტონა;
4. ავსტრალია - 556 ათასი დოლარი, 513 ტონა;
5. იაპონია - 440 ათასი დოლარი, 246 ტონა;
6. საბერძნეთი - 250 ათასი დოლარი, 191 ტონა;
7. ისრაელი - 239 ათასი დოლარი, 249 ტონა;
8. ტაივანი, ჩინეთის პროვინცია - 182 ათასი დოლარი, 92 ტონა;
9. საუდის არაბეთი - 176 ათასი დოლარი, 96 ტონა;
10. თურქეთი - 149 ათასი დოლარი, 98 ტონა.
გარდა ამისა საანგარიშო პერიოდში, მცირე მოცულობებით წვენები აზერბაიჯანში, კანადაში, მონღოლეთში, ყაზახეთში, იტალიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში, სინგაპურში, უკრაინაში, ავსტრიასა და სხვა ქვეყნებში გავიდა.
BM.GE-მ საქსტატიდან იმ ექსპორტიორი კომპანიების TOP-10-ეული გამოითხოვა, როლებიც პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ყიდდნენ. ეს კომპანიებია: შპს Georgian Industrial Asset Management Group; შპს ანტონი და კომპანია; შპს არომაპროდუქტი; შპს გსქ კულა; შპს კამპა; შპს მარიტელი; შპს ნატურალი 7; შპს ჯეო კონცენტრატი; შპს ჯორჯიან ნექტარ. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტიორი კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.