საქართველოში ცხვრების ექსპორტი გაიზარდა.
საქსტატის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წელს, სამ თვეში (იანვარი-მარტი) საქართველომ $3,2 მლნ-ის ღირებულების 811 ტონა ცხვარი გაყიდა, მაშინ როდესაც 2024 წელს, ანალოგიურ პერიოდში $991 ათასი 308 ტონა ცხვარი ჰქონდა გაყიდული.
აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ცხვრების ექსპორტი 163.3%-ით გაეზარდა, ხოლო შემოსავალი 231.8%-ით.
წელს ექსპორტი 3 ქვეყანაში განხორციელდა: საუდის არაბეთში, ქუვეითსა და აზერბაიჯანში. ამ ბაზრებიდან, ქვეყნისთვის ლიდერი ექსპორტიორი ქვეყანა საუდის არაბეთია, რომლის წილი მთლიან ცხვრის ექსპორტში 76.8% -ს შეადგენს. საქართველომ ამ ბაზარზე $2,7 მლნ-ის ღირებულების 623 ტონა ცხვარი გაყიდა. ხოლო 2024 წელს, საუდის არაბეთში ცხვრის ექსპორტი 143 ტონა ცხვარს შეადგენდა და ამ ვაჭრობიდან ქვეყანამ $396 ათასის შემოსავალი მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ წელს, ამ ბაზარზე საქართველოს ექსპორტი 335.6%-ით გაეზარდა.
ცხვრის საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია (2025/ 3 თვე):
- საუდის არაბეთი - $2,7 მლნ, 623 ტონა;
- ქუვეითი - $377 ათასი, 151 ტონა;
- აზერბაიჯანი - $142 ათასი, 36 ტონა.
რაც შეეხება 2024 წლის ჯამურ მაჩვენებლებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2024 წელს საქართველომ ცხვრის ექსპორტიდან $39,8 მლნ-ის შემოსავალი მიიღო და 10,447 ტონა ცხვარი გაყიდა. ხოლო, 2023 წელს, გაყიდული ცხვრის მაჩვენებელი 14,887 ტონა იყო, ხოლო შემოსავალი $44,1 მლნ-ს შეადგენდა. გასულ წელს, საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი 29%-ით იყო შემცირებული.
2024 წლის, ცხვრის საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია:
- საუდის არაბეთი - $23,8 მლნ, 5,031 ტონა;
- აზერბაიჯანი - $ 14,2 მლნ, 4,783 ტონა;
- ლიბანი - $700 ათასი, 315 ტონა;
- ყატარი - $721 ათასი, 193 ტონა;
- ირანი - $ 237 ათასი, 62 ტონა;
- ერაყი - $192 ათასი, 62 ტონა.




























