მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან ყირგიზეთში $1.3 მილიარდის ავტომობილები გაიგზავნა, თუმცა ჩავიდა $24 მილიონის

aston martin

2025 წლის 11 თვეში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული ღირებულების - 2.6 მილიარდი დოლარის მსუბუქი ავტომობილები გავიდა რეექსპორტზე. ქვეყნების მიხედვით, პირველი ადგილი ყირგიზეთს უკავია, სადაც საქსტატის თანახმად 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების 39 ათასი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე.

ყირგიზეთის მიმართულებით ვაჭრობა განსაკუთრებით გააქტიურდა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რადგანაც ეს ქვეყანა არ არის მიერთებული რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს, აღნიშნულის გამო ყირგიზი ავტოდილერები რუსეთში ავტომობილებს შეზღუდვის გარეშე ყიდიან.

საქართველოდან ყირგიზეთში ავტომობილები ჩრდილოეთის საზღვრიდან რუსეთის ფედერაციის გავლით იგზავნება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ავტომობილები ყირგიზეთამდე არ აღწევს და მათ დილერები გზაშივე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყიდიან. ამას ხაზს უსვამს ყირგიზეთის ოფიციალური სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც 2025 წლის 10 თვის ვაჭრობის მაჩვენებელს ასახავს (საქსტატი სტატისტიკას თვის დასრულებიდან 20 დღეში აქვეყნებს, ყირგიზეთის კი თვის დასრულებიდან 45 დღეში, შესაბამისად ამჟამად ხელმისაწვდომია იანვარ-ოქტომბრის ყირგიზეთის სტატისტიკა, საქართველოში კი უკვე 11 თვის სტატისტიკა). ამ სტატისტიკის მიხედვით მათ წელს საქართველოდან 23.6 მილიონი დოლარის ღირებულების 2,600 ავტომობილი იყიდეს. შესაბამისად, საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი (იანვარ-ოქტომბერში 1.16 მილიარდი დოლარის 35 ათასი ავტომობილი) მხოლოდ 2% ჩავიდა ყირგიზეთში.

ამასთან, მთლიანად ყირგიზეთმა წელს 10 თვეში შეისყიდა 893 მილიონი დოლარის ავტომობილები, რაც მხოლოდ საქართველოდან გაგზავნილ ავტომობილებზე ასობით მილიონით ნაკლებია.

ამასთან, მკვეთრად განსხვავდება საქართველოდან გაგზავნილი და ყირგიზეთში ჩასული ავტომობილების საშუალო ფასიც, კერძოდ საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების 39 ათასი ავტომობილის საშუალო ფასი შეადგენდა 34.1 ათას დოლარს, თუმცა იმ 2,600 ავტომობილის საშუალო საფასური, რაც საქართველოდან ყირგიზეთში მართლაც ჩავიდა, ერთ ავტომობილზე $9 ათას დოლარს უდრიდა.

შესაბამისად, საქართველოდან ყირგიზეთის მიმართულებით ავტომობილები მართლაც გადის ექსპორტზე, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი, სავარაუდოდ, გზაშივე იყიდება.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ყირგიზეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა და მისი მშპ ერთ მოსახლეზე საქართველოსთან შედარებით 3.8-ჯერ ნაკლებია და 2,400 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები