მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი თამბაქო, სავარაუდოდ, რუსეთში ხვდება - ეკონომისტი

თამბაქო სიგარეტი

ეკონომისტი რამაზ გერლიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებული თამბაქოს ნაწარმი რუსეთში ხვდებოდეს.

საქმე ის არის, რომ საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტის მთავარი ბაზარი ყირგიზეთი გახდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 10 თვეში 53 მლნ დოლარის ღირებულების 3166 ტონა თამბაქოს ნაწარმი გავიდა, თუმცა საინტერესოა ის, რომ ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებში არ წერია, რომ ქვეყანამ თამბაქო საქართველოდანაც შეიძინა. ყირგიზეთის ოფიციალურ სტატისტიკაში საქართველო არ ფიგურირებს იმ 34 ქვეყანას შორის, საიდანაც თამბაქო შეიძინეს.

"შეიძლება, საქმე ორ მოვლენასთან გვქონდეს: პირველი - ჩვენგან გადის [თამბაქოს ნაწარმი] და საბაჟო აღრიცხვა ზუსტად კეთდება, მაგრამ მითითებული იყოს ერთი ქვეყანა და რეალურად სხვაგან შედიოდეს. მაგალითად, მითითებული იყოს ყირგიზეთი, თუმცა მესამე ქვეყანაში გადიოდეს. ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდი ალბათობით, შესაძლოა, ეს რუსეთი იყოს.

მეორე ფაქტორია - როდესაც ჩვენს საბაჟოზე პროდუქციის გატანა ფიქსირდება, თუმცა საგადასახადო ტვირთის თავიდან არიდების მიზნით, იქით დეკლარირება არ ხდება. როდესაც გარკვეული ტიპის საქონელი შენს საბაჟოზე ფიქსირდება, როგორც ექსპორტი და პარტნიორ ქვეყანაში, სადაც შედის, როგორც იმპორტი არ ფიქსირდება, პრობლემაა", - განაცხადა რამაზ გერლიანმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში უცხოური ბრენდების თამბაქოს ნაწარმის გაყიდვაზე დასავლეთის სანქციები არ ვრცელდება. მეტიც, რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წელს 10 თვეში ევროკავშირიდან თამბაქოს ნაწარმის ექსპორტში რუსეთს მეორე ადგილი უჭირავს. ეკონომისტი არ გამორიცხავს, რომ რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე, მოსკოვი, ზედმეტი ხარჯების დაზოგვის მიზნით, პროდუქციას ყირგიზეთის დახმარებით, საქართველოდანაც ყიდულობდეს.

"თუ საგადასახადო ტვირთი მეტია ევროკავშირის შემთხვევაში, ვიდრე დსთ-ს ქვეყნებიდან, შესაძლოა, სტიმული არსებობდეს, პროდუქციის ნაწილი საქართველოდან შეიტანოს [რუსეთმა]", - აღნიშნა ეკონომისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები