იანვარ-აგვისტოში საქართველომ ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტით 239 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ეს ის პროდუქტია, რომლის გაყიდვებიც საქართველოს საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში მნიშვნელოვნად 61.7%-ით გაიზარდა. ძვირფასი ლითონის მადნები ამ რეიტინგში რეექსპორტირებული ავტომობილების შემდეგ 5.4%-იანი წილით II ადგილს იკავებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროდუქტს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ადგილობრივი ექსპორტით ვყიდით და ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით პროდუქტების რეიტინგში ეს საქონელი პირველ ადგილზეა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში 8 თვის ჭრილში, ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოსთვის წლის ამ პერიოდში ადგილობრივად წარმოებული მთავარი საექსპორტო საქონელი მხოლოდ 2 ქვეყანაში გაიყიდა. აქედან ჩინეთში 46 713 ტონა ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების გაყიდვით ქვეყანამ 150 მილიონ 573 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ შემთხვევაში ექსპორტი 23.2%-ით გაიზარდა.
მეორე ქვეყანა კი სადაც ეს საქონელი გადის ბულგარეთია. იანვარ-აგვისტოში ამ მიმართულებით 88 მილიონ 487 ათასი დოლარის ღირებულების 23 893 ტონა ძვირფასი ლითონის მადნები გავყიდეთ. ექსპორტის ზრდა კი 252%-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ბულგარეთში გადაზიდვები განსაკუთრებით გააქტიურდა.




























