მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ 3 თვეში სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან $56 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო|სად ვყიდულობთ და ვყიდით?

არაყი

საქართველომ 2026 წლის იანვარ-მარტში სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან 56 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, ექსპორტმა 56 069 300 დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2.4%-იანი ზრდაა. ამავე პერიოდში, ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 7 337 027 ლიტრამდე შემცირდა, რაც 12.5%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (8 393 766 ლიტრი).

მონაცემები მიუთითებს, რომ ექსპორტირებული სპირტიანი სასმელების საშუალო ფასი გაიზარდა, ანუ საქართველოდან გატანილი პროდუქტი გაძვირდა.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოს სპირტიანი სასმელების უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთი რჩება, სადაც ექსპორტმა 29.8 მილიონი დოლარი (3 937 361 ლიტრი) შეადგინა. მას მოსდევს სომხეთი - 5.9 მილიონი დოლარი (876 897 ლიტრი) და უკრაინა - 5.3 მილიონი დოლარი (1 285 399 ლიტრი).

TOP-10 საექსპორტო ბაზრებს შორის ასევე არიან: აზერბაიჯანი - 2.8 მილიონი დოლარი; ბელარუსი - 2.6 მილიონი დოლარი; ყირგიზეთი - 1.9 მილიონი დოლარი; ლატვია - 1.3 მილიონი დოლარი; თურქეთი - 975 ათასი დოლარი; ლიეტუვა - 554 ათასი დოლარი და საფრანგეთი - 547 ათასი დოლარი.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლების მონაცემებით, 2021-2025 პერიოდში სპირტიანი სასმელების ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2024 წელს დაფიქსირდა, როდესაც საქართველოდან ექსპორტმა 288.6 მილიონი დოლარი, ხოლო მოცულობამ 47.8 მილიონ ლიტრს გადააჭარბა.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში სპირტიანი სასმელების იმპორტი 2026 წლის იანვარ-მარტში მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში იმპორტმა 17.4 მილიონი დოლარი, ხოლო მოცულობით 1 273 320 ლიტრი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 9.8 მილიონ დოლარის ღირებულების 764 043 ლიტრს შეადგენდა.

წლიურ ჭრილში იმპორტის ღირებულება 77.5%-ით, ხოლო მოცულობა 66.6%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს, რომ იმპორტირებული სპირტიანი სასმელების საშუალო ფასიც გაზრდილია.

წელს, 3 თვეში იმპორტის უმსხვილესი მომწოდებელი საქართველოსთვის გაერთიანებული სამეფოა, საიდანაც ქვეყანაში 4 მილიონი დოლარის (145 960 ლიტრი) პროდუქცია შემოვიდა. შემდეგ მოდის საფრანგეთი – 2 მილიონი დოლარი (156 753 ლიტრი) და ლატვია – 1.95 მილიონი დოლარი (86 127 ლიტრი).

TOP-10 იმპორტიორ ქვეყნებს შორის ასევე არიან: რუსეთი – 1.93 მილიონი დოლარი; ფინეთი – 1.1 მილიონი დოლარი; გერმანია – 1 მილიონი დოლარი; ნიდერლანდები – 857 ათასი დოლარი; უკრაინა – 853 ათასი დოლარი; აშშ – 632 ათასი დოლარი და ბელარუსი – 587 ათასი დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები