მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ 7 თვეში $2.6 მლნ-ის კვერცხი შეიძინა - საიმპორტო ქვეყნები

6319cf1e8335f
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.22 11:15
1364
საქართველოში მიმდინარე წლის 7 თვეში კვერცხის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივლისში ქვეყნიდან ნაჭუჭიანი, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული ფრინველის კვერცხის შესაძენად 2.6 მლნ დოლარის გავიდა. შეძენილი კვერცხის მოცულობამ კი 10.714 მლნ ცალი შეადგინა.

აღსანიშნია, რომ კვერცხის იმპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებითაა (57.3%-ით) გაზრდილი. იმპორტირებული საქონლის მოცულობები კი როგორც პანდემიურ - 2020 წლის 7 თვის (22 788.44 ათასი ცალი) მაჩვენებელთან, ასევე 2019 წლის რიცხვებთან (12 163.24 ათასი ცალი) შედარებით შემცირებულია. თუმცა სტატისტიკიდან ჩანს, იმპორტირებული კვერცხის ღირებულება გასული წლებისას აღემატება (2019 წლის 7 თვე - 1.1 მლნ დოლარი; 2020 წლის 7 თვე 1.8 მლნ დოლარი; 2021 წლის 7 თვე - 176 ათასი დოლარი).

საიმპორტო ქვეყნებში პირველ ადგილს თურქეთი იკავებს. TOP-10 ბაზრის სია კი ასეთია:

1. თურქეთი - 1.5 მლნ დოლარი, 7.1 მლნ ცალი;
2. უნგრეთი - 722 ათასი დოლარი, 2.4 მლნ ცალი;
3. ბულგარეთი - 138 ათასი დოლარი, 403 ათასი ცალი;
4. რუსეთი - 111.5 ათასი დოლარი, 553 ათასი ცალი;
5. ნიდერლანდები - 60 ათასი დოლარი, 207 ათასი ცალი;
6. საფრანგეთი - 3 ათასი დოლარი, 1 ათასი ცალი;

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 986 ათასი დოლარის ღირებულების 2.566 მლნ კვერცხის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის მონაცემებს ღირებულებით 18.6%-ით აღემატება, ხოლო რაოდენობით 30.3%-ით ჩამორჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტირებული კვერცხის ღირებულება გაიზარდა.

ქვეყნიდან კვერცხი ექსპორტზე მხოლოდ აზერბაიჯანსა (938 ათასი დოლარი, 2.373 მლნ ცალი) და სომხეთში (48 ათასი დოლარი, 192 ათასი ცალი) გავიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვერცხის იმპორტის ზრდის ტენდენციას მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილის ინფორმაციით, თურქეთიდან და უნგრეთიდან საინკუბაციო კვერცხის იმპორტის ზრდით აიხსნება. მისი თქმით, ეს კვერცხი სასურსათოზე გაცილებით მაღალი ღირებულების არის.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან საგარეჯოში თურქული კომპანია HasTavuk-ის ინვესტიციით ინკუბატორი ამოქმედდა, საიდანაც გამოყვენილი წიწილა ექსპორტზე აზერბაიჯანსა და სომხეთში გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები