2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში კოსმეტიკური საშუალებების იმპორტმა ღირებულებით 85.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 22.8%-ით აღემატება. ამავე პერიოდში ქვეყანაში 2 687 ტონა პროდუქცია შემოვიდა, რაც წლიურ ჭრილში 8%-იანი ზრდაა. შედარებისთვის, საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ კოსმეტიკური საშუალებების იმპორტში 69.4 მლნ დოლარი გადაიხადა, ხოლო იმპორტირებული პროდუქციის მოცულობამ 2 487 ტონა შეადგინა.
მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის ცხრა თვეში იმპორტის ღირებულება მოცულობაზე უფრო სწრაფად გაიზარდა. კერძოდ, იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება 15.8 მლნ დოლარით, ხოლო რაოდენობა 200 ტონით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ იმპორტირებული პროდუქციის საშუალო ღირებულებამაც მოიმატა: 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ერთ კილოგრამზე დაახლოებით 27.9 დოლარი მოდიოდა, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 31.7 დოლარი. ზრდა დაახლოებით 13.7%-ია.
იმპორტის ღირებულების მიხედვით, საქართველოსთვის კოსმეტიკური საშუალებების მთავარი მომწოდებელი საფრანგეთია. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ამ ქვეყნიდან 20.9 მლნ დოლარის ღირებულების, 366 ტონა პროდუქცია შემოვიდა. მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე იტალიაა, საიდანაც 7.2 მლნ დოლარის ღირებულების, 82 ტონა კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი განხორციელდა. მას მოსდევს გერმანია - 6.9 მლნ დოლარი და 163 ტონა.
მნიშვნელოვანი მოცულობის იმპორტი განხორციელდა პოლონეთიდანაც. საანგარიშო პერიოდში ამ ქვეყნიდან 6.56 მლნ დოლარის ღირებულების, 358 ტონა პროდუქცია შემოვიდა. კორეის რესპუბლიკიდან იმპორტმა 6.53 მლნ დოლარი და 129 ტონა შეადგინა.
საქართველოს კოსმეტიკური საშუალებების მომწოდებელ უმსხვილეს ქვეყნებს შორისაა ესპანეთი, რუსეთი, ნიდერლანდები, აშშ და ჩინეთიც.
კერძოდ, ესპანეთიდან 5.6 მლნ დოლარის ღირებულების, 278 ტონა პროდუქცია შემოვიდა; რუსეთიდან - 3.6 მლნ დოლარის ღირებულების, 193 ტონა; ნიდერლანდებიდან - 3.08 მლნ დოლარის ღირებულების, 22 ტონა; აშშ-დან - 3.02 მლნ დოლარის ღირებულების, 25 ტონა, ხოლო ჩინეთიდან - 2.8 მლნ დოლარის ღირებულების, 391 ტონა კოსმეტიკური საშუალებები.
























